“როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ მივიღეთ გადაწყვეტილება ორივე პროექტთან დაკავშირებით, უარი ვთქვათ ამ პროექტების მხარდაჭერაზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “ხალხის ძალის” კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილების საფუძველი იყო ის, რომ მმართველმა გუნდმა საპროტესტო აქციებზე მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დააყენა.
„იცით ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ, ამიტომ, ამაზე დიდხანს თავს არ შეგაწყენთ. როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პირველი რიგის ამოცანად და პრიორიტეტად ყოველთვის ისახავდა და მომავალშიც ასეც გაგრძელდება, თავისი მოქალაქეების წინაშე, თითოეული მოქალაქის წინაშე პასუხისმგებლობას, მივიღეთ გადაწყვეტილება ორივე პროექტთან დაკავშირებით, უარი ვთქვათ ამ პროექტების მხარდაჭერაზე და გავიწვიოთ ეს პროექტები. პროცედურულად როგორ მოხდება, გაგიზიარებთ მოგვიანებით. დილით არ გვქონდა საშუალება კომუნიკაცია გვქონოდა, ამისთვის მიდის ახლა უმრავლესობის სხდომა. გვქონდა დისტანციური კომუნიკაცია. ახლა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით ადასტურებს, ისე როგორც დილით, გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი იყო ის, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი ადამიანის, ერთი იქ მყოფი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. გვერდზე გადავდეთ ყველაფერი და ეს პირველი რიგის ამოცანად დავისახეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.