პესკოვი – ე.წ. აგენტების კანონის შესახებ: არაფერი კრემლით შთაგონებული არ ყოფილა
კრემლს არავითარი კავშირი არ აქვს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან”, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა და შემდეგ საპროტესტო აქციების გამო გაიწვიეს, – ამის შესახებ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა rbc.ru-ს განუცხადა.
რუსული მედიის ინფორმაციით, პესკოვმა აღნიშნა, რომ ქართული კანონპროექტის ერთი ვერსია “ძალიან წააგავდა მსგავს [ამერიკულ] კანონს”, მეორე კი “არსებითად უფრო რბილია” და მოსკოვს ამ ორი ვარიანტიდან არცერთთან აქვს საერთო.
“არაფერი კრემლით შთაგონებული არ ყოფილა. კრემლს აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო. ასეთი კანონების შემოღების პრაქტიკა შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო 1930-იანი წლების ბოლოს”, – ამბობს პესკოვი.
ამასთან, პესკოვმა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, რუსეთის საზღვართან სიმშვიდე იყოს.
„როგორც ასეთი, რუსეთს ურთიერთობა არ აქვს საქართველოსთან, მაგრამ იქ არსებული ვითარება შეშფოთებას იწვევს და რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე სიმშვიდე მნიშვნელოვანია”, – თქვა პესკოვმა.