სტამბოლში 1,5 მილიონამდე სახლის დანგრევა იგეგმება

თურქეთის ხელისუფლება 5 წლის განმავლობაში 17-მილიონიან სტამბოლში, დაახლოებით, 1,5 მილიონი ისეთი საცხოვრებელი კორპუსის დანგრევას გეგმავს, რომლებიც 7 მაგნიტუდის, ან მეტი სიმძლავრის მიწისძვრის შემთხვევაში, მაღალი ალბათობით ჩამოინგრევა.

ამის შესახებ თურქეთის ეკოლოგიისა და ურბანული განვითარების მინისტრმა, მურათ ქურუმმა განაცხადა, – იტყობინება CNN Türk-ი.

„თურქეთის ტერიტორიის 70%-ზე მეტი სეისმურად საშიშ ზონებში მდებარეობს. ერთ-ერთი ასეთი ტერიტორიაა – სტამბოლი, სადაც 5 წლის განმავლობაში 1,5 მილიონი საცხოვრებელი სახლის განსახლება იგეგმება. 500 000 ახალი სახლი აშენდება ქალაქის ევროპულ და აზიურ ნაწილში, ამდენივე აშენდება ძველი შენობების ადგილზე“, – განაცხადა მან.

მინისტრის თქმით, განსახლების გეგმა, რომელიც მზადდებოდა 4 წლის განმავლობაში, ითვალისწინებს სატრანსპორტო ლოგისტიკის არსებულ სტრუქტურას. მისი თქმით, გეგმის დეტალებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

თურქი სეისმოლოგები სტამბოლის რაიონში 7-7,5 მაგნიტუდის მიწისძვრას ვარაუდობენ, რომელიც მდებარეობს ანატოლიის და ევრაზიის ტექტონიკური ფილების შეერთების ადგილზე.

ასეთი ბიძგების შემთხვევაში, დაახლოებით 90 ათასი შენობა ჩამოინგრევა, 260 ათასი დაზიანდება და საცხოვრებლად უვარგისი გახდება, 4,5 მილიონ ადამიანს დროებითი საცხოვრებელი დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები