ხათუნა სამნიძის თქმით, გამარჯვება მიღწეულია, აქციები აღარ უნდა გაგრძელდეს და ოპოზიციამ პარლამენტში კონსტრუქციული მუშაობა უნდა გააგრძელოს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ქართველი ხალხის ბრძოლამ შედეგი გამოიღო და გამარჯვება მიღწეულია. ამის შესახებ დეპუტატმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
მისი თქმით, პროცესი ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი და „ქართულმა ოცნებამ“ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტიდან ოფიციალურად უნდა გაიწვიოს.
ამასთან, სამნიძე ფიქრობს, რომ საპროტესტო აქციები აღარ უნდა გაგრძელდეს და პარლამენტში ოპოზიციამ საქმიანობა 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით უნდა გააგრძელოს.
შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.