გიორგი ვაშაძე: ყველას, ვისაც რამე აქვს სათქმელი, აქ ვდგავარ, მოვიდეს და დავილაპარაკოთ
ყველას, ვისაც რამე აქვს სათქმელი, აქ ვდგავარ, მოვიდეს და დავილაპარაკოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, რეჟიმის მოკავშირე არის მხოლოდ ის, ვინც რუსულ ინტერესებს ატარებს ქვეყანაში.
„დღეს ხალხს არბევს რუსული რეჟიმი. რაც მე გამოვაცხადე, ყველასთან შეთანხმებული პოზიცია იყო. არავითარი დარბევა არ იყო საჭირო. რეჟიმის მოკავშირე არის მხოლოდ ის, ვინც რუსულ ინტერესებს ატარებს ამ ქვეყანაში – მე ვარ ხალხთან ერთად, აქ ვიდგები და ვიბრძოლებ ბოლომდე ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა მოწოდებაზე. ყველა ადამიანი, რომელიც სახლიდან პოსტავს, მოვიდეს აქ და ხალხთან ერთად დადგეს“, – განაცხადა ვაშაძემ.
მანამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა საქართველოს ხელისუფლებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გასაწვევად 1-საათიანი ვადა მისცა.
ამასთან, ვაშაძის განცხადებას ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გამოეხმაურა და გიორგი ვაშაძეს „რეჟიმის მოკავშირე“ უწოდა.