ირაკლი კობახიძე: ლევან იოსელიანის არჩევა იყო ერთგვარი კომპრომისული გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, ის იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, თუმცა, ეს კომპრომისი იყო საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის

„ლევან იოსელიანი იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, თუმცა, ეს კომპრომისი საჭირო იყო ჩვენი ქვეყნისთვის სხვადასხვა თვალსაზრისით. ერთი ის, რომ აუცილებლად საჭირო იყო სახალხო დამცველის არჩევა, არ შეიძლებოდა, ამ თანამდებობის ვაკანტურად დატოვება. გარდა ამისა, სახალხო დამცველის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით იყო ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ერთ-ერთი რეკომენდაცია”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანი 96 ხმით აირჩია.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა მხედველობაში არ მიიღო ამ კომპრომისის საჭიროება და არ მიიღეს დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა. რაც, მისი აზრით, ოპოზიციის სულისკვეთებასა და ფარისევლობაზე მიუთითებს.

„ფარისევლობის გამოხატულებაა ის, რომ ჩვენი წმინდა პატრიარქი გახატია გულზე და ამ დროს ეკლესიას აგინებ ლამის ყოველდღიურ რეჟიმში. ასევე ფარისევლობაა, როდესაც საუბრობ ევროკავშირზე და მხარს არ უჭერ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან,” – განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძის თქმით, ლევან იოსელიანი იყო ერთადერთი კანდიდატი, რომლის გარშემოც იყო შესაძლებელი 90 ხმის შეგროვება. ის იყო ერთადერთი კომპრომისული კანდიდატი რაც უმრავლესობის მხრიდან პიროვნულ თვისებებთან ერთად ასეთი გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზს წარმოადგენდა.

„მე ღრმად მწამს, რომ ლევან იოსელიანი იქნება დამოუკიდებელი სახალხო დამცველი. აქ ერთ-ერთმა კოლეგამ, ოპოზიციის მხრიდან, საპირისპირო მოსაზრება გამოხატა. მინდა ვთქვა, რომ მათ ლექსიკონში სიტყვა დამოუკიდებელი არის სწორედ ჯაშუშის სინონიმი. დარწმუნებული ვარ, რომ ლევან იოსელიანი იქნება დამოუკიდებელი სახალხო დამცველი. ნამდვილად სახალხო დამცველი, რაც გულისხმობს ხალხის სამსახურში ყოფნას. ეს ყველაფერი ლევანზეა დამოკიდებული. ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები