გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვალის თვეში, უკანონო ტყითსარგებლობის 305 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 305 ფაქტი გამოავლინეს; მათ შორის, 258 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 47 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია, –  ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 118 ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ამასთანავე, იანვრის თვეში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, დამატებით 70 ოქმი შედგა. ქვემო ქართლში დაფიქსირდა 44 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 30, იმერეთში – 25, სამცხე-ჯავახეთში – 16, შიდა ქართლში – 8, აჭარაში – 7, მცხეთა-მთიანეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 2 და გურიაშიც 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 274 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 45 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები