ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველობის კანდიდატს, ლევან იოსელიანს მოუსმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველობის კანდიდატს ლევან იოსელიანს მოუსმინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტს პოლიტიკურმა ჯგუფმა „მოქალაქეებმა“ წარუდგინა.
კანდიდატმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გამოცდილებაზე ისაუბრა და სახალხო დამცველის ინსტიტუტთან მიმართებით, დეპუტატებს საკუთარი ხედვები გააცნო.
„ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ადამიანის უფლებების დაცვა და მე ამას ვაკეთებდი კიდეც, ამიტომაც ვისწავლე სამართალი და გავხდი ადვოკატი. ზოგადად ადამიანების დაცვა ესაა ის, რითაც პოლიტიკაში მოსვლამდე ვიყავი დაკავებული და ნამდვილად ბედნიერი ვიქნები, თუ ამის საშუალება მომეცემა უკვე სისტემურ დონეზე და ისეთი საპატიო პოზიციიდან, როგორიც სახალხო დამცველის პოზიციაა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.