გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალის“ კანონპროექტების მიზანი ინფორმირებული მოქალაქეა და ინფორმირებული მოქალაქე მხოლოდ იმ ძალას არ აწყობს, რომელსაც ქვეყანაში არეულობა და საზოგადოებაზე მანიპულაციები სურს

„ჩვენი, „ხალხის ძალის“ პოლიტიკა იყო და ყოველთვის იქნება ის, რომ ინფორმაციით შეიარაღებული ხალხი ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, პარლამენტში განაცხადა.

მაჭარაშვილმა უპასუხა შეკითხვებს, რომლებიც მისი და მისი თანამოაზრეების მიერ ინიცირებული კანონპროექტის ირგვლივ დაისვა.

„აქ დაჩქარებებზე იყო საუბარი და ყოველგვარი სპეკულაცია რომ მორჩეს, ამ კანონს დაჩქარებით არავინ განიხილავს.
„ხალხის ძალამ“ ჯერ კიდევ დეკემბერში დავაანონსეთ, რომ საგაზაფხულო სესიის დასაწყისისთვის დავაინიცირებდით ამ კანონპროექტს და ეს ასეც მოხდა. ჩვეულებრივი, რეგლამენტის რეჟიმში იწყება ამ კანონპროექტების განხილვა და არა – დაჩქარებულად. ჩვენ, „ხალხის ძალამ“, დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც ამერიკული FARA-ს ზუსტი თარგმანია. ამასთან დაკავშირებითაც იყო კითხვები და მოგახსენებთ, რატომ დაგვჭირდა მისი დაინიცირება. მანამდე კი გეტყვით, რომ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ ამერიკაში მოქმედი კანონის განხილვა და დაცვა ჩვენ, „ხალხის ძალას“, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ამერიკელებისგან და ამერიკელებისგან დაფინანსებული ორგანიზაციებისგან დაგვჭირდებოდა“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. მან ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტი არათუ არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ხელსაც კი უწყობს დემოკრატიის გამყარებას.
„კონსტიტუციასთან დაკავშირებით ბევრჯერ ითქვა, მაგრამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩემს რამდენიმე კოლეგასთან ერთად ვიყავი წინა მოწვევის პარლამენტში, რომელმაც მიიღო საქართველოს კონსტიტუცია და თქვენ რომ ასე ამაყად ამბობთ, რომ 78-ე მუხლი არის ევროინტეგრაციის შესახებ, ეს ჩვენი მიღებულია, ხმა მივეცით ამას. შეგახსენებთ, რომ, სამწუხაროდ, რადიკალურმა ოპოზიციამ ამას მხარი არ დაუჭირა და არც არასამთავრობო სექტორსა და სახალხო დამცველს არაფერი უთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ცუდია, ასეთ კარგ კანონს რომ მხარი არ დაუჭირა საქართველოს მაშინდელმა რადიკალურმა ოპოზიციამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები