მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციაზე: გასაკვირი არ არის, რომ აქციებით იმუქრებიან – კიდევ ერთი მცდელობაა, თავი აარიდონ და გაექცნენ დისკუსიას
„რაც შეეხება აქციებს, ეს მე მგონი კიდევ ერთი მცდელობაა, რომ რამენაირად თავი აარიდონ და გაექცნენ დისკუსიას. აი, ასე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, ფაქტია, რომ მას შემდეგ რაც საზოგადოება მოატყუეს, როდესაც უთხრეს, რომ ეს ამერიკული კანონი არ არის და რუსული კანონია, რა თქმა უნდა, მათთვის არახელსაყრელია დისკუსიაში შემოსვლა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ “ხალხის ძალის” კანონპროექტებთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკაზე საუბრისას განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, მისთვის გასაკვირი არაა ის, რომ ოპოზიცია აქციებით იმუქრება.
“ყველა ძალას იხმარენ საიმისოდ, რომ რაც შეიძლება შორს წაიღონ, დაფარონ, დაჩრდილონ დისკუსია. ამისთვის მათთვის იდეალური საშუალება გახლავთ ემოციების მეტად გადაძაბვა საიმისოდ, რომ საზოგადოებას შესაძლებლობა არ ჰქონდეს, რომ სწორი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიიღოს. ნამდვილი ინფორმაცია მიიღოს და ამის საფუძველზე სწორი შეხედულება ჩამოიყალიბოს კანონპროექტთან დაკავშირებით.
ამიტომაც ჩემთვის ნამდვილად გასაკვირი არ არის, რომ აქციებით იმუქრებიან, ემოციების გადაძაბვით იმუქრებიან, ეს გასაგებია“, – განაცხადა სარჯველაძემ.