სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი: შეტყობინება შემოვიდა აქციაზე დაკავებულ ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით და გასაუბრება ჩავატარე – ძალადობის ფაქტი უარყო
შეტყობინება შემოვიდა ჩვენთან აქციაზე დაკავებულ ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით და გასაუბრება ჩავატარე ერთ პირთან, რომელმაც უარყო ძალადობის ფაქტი – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ირაკლი კაჭკაჭიშვილმა დიღომში, წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„შეტყობინება შემოვიდა ჩვენთან აქციაზე დაკავებულ ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით და გასაუბრება ჩავატარე ერთ პირთან, რომელმაც უარყო ძალადობის ფაქტი. მიმდინარე რეჟიმში ნებისმიერ შეტყობინებაზე, რაც ჩვენთან შემოდის, ტარდება დროული და ეფექტური რეაგირება“,- თქვა კაჭკაჭიშვილმა.
მისივე თქმით, მას ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და თუ მსგავსი ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შევა, ამაზეც იქნება რეაგირება.
„თუ არის ჩვენს სამსახურში ჟურნალისტებთან დაკავშირებით შეტყობინება, რეაგირებაც მოხდება, მე პირადად არ მაქვს, ამიტომ დეტალებზე ვერაფერს გეტყვით“,- უთხრა გამომძიებელმა ჟურნალისტებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ პარლამენტთან დაკავებულ ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე პარლამენტთან გუშინ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 36 პირი დააკავეს. მოგვიანებით, 7 პირი გათავისუფლდა, 29 კი ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაშია და თბილისის საქალაქო სასამართლო მათ მიმართ სასჯელზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.