გზებზე ავტომობილების ხილული გამონაბოლქვი გაკონტროლდება – როგორ შეამოწმებენ მანქანებს და რა სახის ჯარიმები დაეკისრებათ დამრღვევებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობას გააკონტროლებენ. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნელი კორკოტაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოს მთავრობამ უკვე მოიწონა და პარლამენტში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტია წარდგენილი, რომლის საფუძველზეც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილი იქნება, საავტომობილო გზებზე ის ავტომობილი გააჩეროს, რომლიდანაც ხილული გამონაბოლქვი დაფიქსირდება. თანამედროვე აპარატურით, მხარდამჭერი ელექტრონული სისტემების საშუალებით გამონაბოლქვში დამაბინძურებელი ნივთიერებები გაიზომება. იმ შემთხვევაში, თუ დაცული არ იქნება ნორმა, რომელიც დადგენილია, ფიზიკური პირის შემთხვევაში სანქცია 100 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 500 ლარი იქნება. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმები გასამმაგებული იქნება. მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაუმჯობესებულ ატმოსფერულ ჰაერს მივიღებთ.

ვფიქრობთ, პარლამენტი ამ კანონპროექტს უახლოეს მომავალში მიიღებს. ალბათ, ზაფხულიდან ამ პროცესის აღსრულებას დავიწყებთ. თავიდან ეს 5 მსხვილ ქალაქში განხორციელდება. ეს იქნება თბილისი, რუსთავი, ფოთი, ქუთაისი, ბათუმი, სადაც მანქანების კონცენტრირება, ძირითადად, მაღალია. იქნება სრულიად განსხვავებული ეკიპაჟები, კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სისტემაში შემავალი სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები განახორციელებენ, მანქანები თანამედროვე გამზომი აპარატურით იქნება აღჭურვილი და ელექტრონულ პლატფორმებზე იქნება დაფუძნებული, რათა ინფორმაციის სწრაფად მიღების შესაძლებლობა გვქონდეს“, – განაცხადა ნელი კორკოტაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები