ლევან იოსელიანი – გვარამიას: შენი პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი – სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, ჩემი იმედი უნდა გქონდეს არა მარტო შენ, არამედ – ყველა პატიმარს

“მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი და სახალხო დამცველობის კანდიდატი, ლევან იოსელიანი “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პასუხობს და აცხადებს, რომ, სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, მისი იმედი უნდა ჰქონდეს არა მარტო მას, არამედ – ყველა პატიმარს.

“ნამდვილად სწორია, პატიმრობაში მყოფმა ადამიანმა საჯაროდ დაუსვას შეკითხვები სახალხო დამცველობის კანდიდატს. მეც მზად ვარ, საჯაროდ დასმულ ყველა შეკითხვას, პასუხი ასევე საჯაროდ გავცე. მიმაჩნია, რომ ჩემი განცხადებები შენს საქმესთან დაკავშირებით არასდროს ტოვებდა ორაზროვან შთაბეჭდილებას, მაგრამ ვხვდები, საშუალება არ გქონდა ყველაფრისთვის მიგედევნებინა თვალი. შენი დაპატიმრების პირველი დღიდან, მეც ისე, როგორც ალეკო ელისაშვილს, არაერთხელ გაგვიცია მკაფიო პასუხი შენს შეკითხვაზე და კიდევ ერთხელ, როგორც მოქმედი პოლიტიკოსი და სახალხო დამცველობის კანდიდატი ვაფიქსირებ, რომ შენი პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, არანაირი წინაპირობა წარდგენილი ბრალის ფარგლებში, გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, როგორც სასჯელის ზომა, არ არსებობდა.

რაც შეეხება ტექსტის იმ ნაწილს, უნდა გქონდეს თუ არა ჩემი იმედი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს, არა მარტო შენ, არამედ ყველა პატიმარს, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მე ვიქნები ჩემთვის მონიჭებული მანდატის ფარგლებში, მათი უფლებების დაცვაზე ეფექტური ზედამხედველი.

და ბოლოს, მინდა, გისურვო მხნეობა და მალე განთავისუფლება პატიმრობისგან, რომელსაც ვთვლი, რომ ღირსეულად იტან”, – წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პატიმარმა ნიკა გვარამიამ ლევან იოსელიანს, როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატს, კითხვით მიმართა. კერძოდ, მიიჩნევს თუ არა იოსელიანი გვარამიას პოლიტპატიმრად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები