მიხეილ სარჯველაძე – იოსელიანზე: პოზიტიურად ვარ განწყობილი მისი კეთილსინდისიერების მიმართ – საზოგადოებას რაც შეიძლება სწრაფად ვამცნობთ ჩამოყალიბებული პოზიციის შესახებ
“მე მხოლოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი მისი პროფესიული თვისებებისა და მისი კეთილსინდისიერების მიმართ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკვე მზად ვართ, გესაუბროთ მთლიანად გუნდის განწყობაზე ამ მიმართულებით”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველის პოზიციაზე კანდიდატად ლევან იოსელიანის წარდგენას.
მისივე თქმით, ომბუდსმენის არჩევა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილია, შესაბამისად, საზოგადოებას საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიციის შესახებ უახლოეს პერიოდში ექნება ინფორმაცია.
„ბუნებრივია, რომ ეს მოითხოვს კონსულტაციებს, პოზიციების შეჯერებას და, მათ შორის, იმ საკითხის მხედველობაში მიღებას, თუ რამდენად ექნება შესაძლებლობა ამ კანდიდატურას, რომ მოიპოვოს ის რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ თანამდებობაზე მის დანიშვნას. 12-პუნქტიანი გეგმიდან რაკი სახალხო დამცველის არჩევა გახლავთ ერთ-ერთი პუნქტი, ჩვენ ავჩქარდებით და საზოგადოებას რაც შეიძლება სწრაფად ვამცნობთ ჩამოყალიბებული პოზიციის შესახებ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გუშინ განაცხადა.