პარტია „საქართველოსთვის“ აინიცირებს კანონპროექტს: „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“
პარტია „საქართველოსთვის“ აინიცირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები. აღნიშნულის შესახებ “საქართველოსთვის” საპარლამენტო გუნდმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით პარტია კონსულტაციებს დღესვე დაიწყებს.
“საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ნათელია, რომ ოკუპანტი არის რუსეთი, რომელიც იყენებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო პროპაგანდას და ღია თუ ფარული საშუალებებით აზიანებს ქვეყნის ევროპული განვითარების გზას.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს ეს მტერი ისტორიამ განგვისაზღვრა, ხოლო მეგობრები თავად ავირჩიეთ. ეს არჩევანი გულისხმობს დემოკრატიულ და თავისუფალ განვითარებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის კონსტიტუციით განსაზღვრულ მიზანს. ყველა სახელისუფლებო ორგანოს, მათ შორის, პარლამენტის ვალდებულებაა ყველაფერი გააკეთოს ამ მიზნის მიღწევისათვის.
ჩვენ ცხადია დღესვე დავიწყებთ კონსულტაციას ჩვენს კოლეგებთან ოპოზიციური პარტიებიდან, რომ ამ ინიციატივას მათაც მხარი დაუჭირონ”,- განაცხადა ლილუაშვილმა.