ანრი ოხანაშვილი: “ხალხის ძალის“ კანონპროექტი ხალხს არ აქვს წაკითხული, არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტსაც არ ჰქონდეს სრული ინფორმაცია და, ამის მიუხედავად, ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებენ

„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ხალხს არ აქვს წაკითხული, არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტსაც არ ჰქონდეს სრული ინფორმაცია და, ინფორმაციის არქონის მიუხედავად, ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა “პირველ არხს” განუცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ ვინ საიდან ფინანსდება.

„ყველას აქვს გარანტირებული საკუთარი პოზიციის გამოხატვა, რაც ჩვენი გუნდის მონაპოვარია და ამის გამო შევიწროებას არავინ განიცდის, ეს 2012 წლამდე ხდებოდა. აზრის თავისუფლად დაფიქსირება ლეგიტიმურია ისევე, როგორც ის, რომ ვინმეს კანონპროექტი არ მოსწონდეს, თუმცა დემოკრატიასთან შეუთავსებელია სიძულვილის ტირაჟირება, რომ კანონპროექტი არ მოგწონს. ხალხს კანონპროექტი არ აქვს წაკითხული, მათ შორის, არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტს სრული ინფორმაცია არ ჰქონდეს კანონპროექტზე და ამ ინფორმაციის არქონის მიუხედავად, აკეთებენ ძალიან მძიმე, ცილისმწამებლურ განცხადებებს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია კონკრეტულ ფინანსებზე. საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, იცოდეს, ვინ საიდან ფინანსდება. გამჭვირვალე პროცესი მნიშვნელოვანია სწორედ დემოკრატიისთვის. ჩვენთვის ეს პრინციპი მისაღებია, სხვა მხრივ, კანონპროექტის სიღრმისეული შესწავლა მოხდება. ვსწავლობთ იმ ქვეყნების გამოცდილებას, სადაც ეს კანონი მოქმედებს. ეს კანონი მხოლოდ რუსეთში არ მოქმედებს, მოქმედებს ისრაელში, უნგრეთში, სხვადასხვა მოდიფიკაციით. ამ ყველაფერს ვსწავლობთ. ჩვენთვის მიუღებელი არ არის იმაში, რომ საზოგადოებას ინფორმაცია ჰქონდეს, ქვეყანაში რა ფინანსები იხარჯება და როგორ ხდება ამ ფინანსების გადანაწილება. რა თქმა უნდა, გაერო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო, რომელთა წევრები ვართ და ვისკენაც მივისწრაფვით, მათ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებსა და პროექტებს საფრთხე არ უნდა შეექმნას და ეს არც არის გათვალისწინებული. წინმსწრებად დასკვნების გაკეთება, თითქოს ეს უკვე პრაქტიკულად კანონია, არათავსებადია და წარმოუდგენელია დემოკრატიასთან. იქნება მსჯელობა ყველა თვალსაზრისით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები