მედეა ჯაფარიძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

საქართველოს სახალხო არტისტის, მედეა ჯაფარიძის, დაბადებიდან 100 წელი გავიდა. – ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„მედეა ჯაფარიძე 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში ისმენდა გიორგი ტოვსტონოგოვის ლექციების კურსს მსახიობის ოსტატობაში. ორი წელი მუშაობდა ნაძალადევის კულტურის სახლთან არსებულ ხალხური შემოქმედების თეატრში. მივლინებული იყო მოსკოვში, ვლ.ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის სტუდიაში. რეჟისორმა ი. ზავადსკიმ იგი მიიწვია ,,მოსსოვეტის” თეატრში, სადაც რუსულ ენაზე შეასრულა კლეოპატრას როლი ბერნარდ შოუს პიესაში ,,კეისარი და კლეოპატრა”.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მთელი ცხოვრება მედეა ჯაფარიძემ ქართულ კინოსა და თეატრს მიუძღვნა. კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მან არაერთი ბრწყინვალე სახე შექმნა. მათგან აღსანიშნავია: ნინა (მიხეილ ლერმონტოვის ,,მასკარადი”), ჯულიეტა, ბეატრიჩე, ლედი ანა (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა”, „ჭირვეული ცოლის მორჯულება”, ,,რიჩარდ III”), ჭრიჭინა (მ. ბარათაშვილის ,,მარინე”), გულსუნდა (ვაჟა-ფშაველას ,,მოკვეთილი”), მარტა (კასონას ,,ხეები ზეზეულად კვდებიან”), ვარვარა კარპოვნა (კიტა ბუაჩიძის ,,ეზოში ავი ძაღლია”), გულქანი (პ. კაკაბაძის ,,კახაბერის ხმალი”), იოკასტე (სოფოკლეს ,,ოიდიპოს მეფე”), დედა (ლაშა თაბუკაშვილის ,,ძველი ვალსი”) და სხვა.
მსახიობი მონაწილეობდა ფილმებში: ,,დაკარგული სამოთხე”, ,,ქალიშვილი გაღმიდან”, „კოლხეთის ჩირაღდნები”, ,,ხიდი”, ,,გიორგი სააკაძე”, „ჯურღაის ფარი”, ,,აკაკის აკვანი”.
მედეა ჯაფარიძეს დიდი პოპულარულობა მოუტანა მთავარმა როლმა მუსიკალურ ფილმში ,,ქეთო და კოტე” (1948). მან მთავარი როლები შეასრულა ფილმებში: ,,მზე შემოდგომისა” (ეკა), ,,წარსული ზაფხული” (ელიკო), ,,სანამ წვიმა გადაივლიდეს” (სალომე); შექმნა საიათნოვას დედის სახე ს. ფარაჯანოვის ფილმში ,,საიათნოვა” (1968); გაახმოვანა მთავარი პერსონაჟი ანიმაციურ ფილმში ,,გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი” (1984).
მედეა ჯაფარიძის სამსახიობო ოსტატობა არაერთი პრემიითა და ჯილდოთი აღინიშნა. იგი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე. 1976 წელს გახდა წლის საუკეთესო მსახიობი ქალი ფილმში ,,მზე შემოდგომისა” ეკას როლის შესრულებისათვის.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს მედეა ჯაფარიძის ხსოვნასა და ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილ უდიდეს წვლილს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები