გიორგი ვოლსკი: ჩვენ არ ველოდებით, რომ კიევი პოზიციას შეიცვლის, რადგან მას სტრატეგიული ამოცანა აქვს
“არ მგონია, უკრაინის ხელისუფლებამ პოზიცია შეიცვალოს, თუ საქართველოს დელეგაცია ფორუმზე კიევს ესტუმრება. ცალმხრივი მოძრაობა არ უნდა იყოს დიპლომატიურ ურთიერთობაზე, მის არსზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ უკრაინის მიწვევაზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, კიევი საქართველოს მიმართ პოზიციას არ შეიცვლის, რადგან მას სტრატეგიული ამოცანა აქვს.
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი ჩვენგანი არ წარმოადგენს ერთ პიროვნებას, რომელიც თავის პოზიციას ან თავისი ემოციების მიხედვით გამოხატავს მიდგომას, რომელიც ქვეყანას აქვს. ჩვენ საზოგადოებას წარმოვადგენთ, რომელსაც გარკვეული შეხედულებები აქვს ამასთან დაკავშირებით და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ. როდესაც კონკრეტული ქვეყანა, კონკრეტულ ცნობილ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ყველა პირობას უქმნის იმისთვის, რომ პოლიტიკურად პოზიციები გაიმაგროს, იყოს აქტიური და დაუპირისპირდეს ინტენსიურად კონკრეტულ ქვეყანას, რომელთანაც მოკავშირეობა უნდა გინდოდეს, აი, ამ პერიოდში საკმაოდ სერიოზული თავშეკავება გამოიჩინა თბილისმა, როდესაც არ შეაფასა იქ გუბერნატორად დანიშვნა, იქ კონკრეტული ადამიანების, სისხლის სამართლის დამნაშავეების დაწინაურება და პოზიციებზე დაყენება.
აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ველოდებით, რომ კიევი პოზიციას შეიცვლის, რადგან მას სტრატეგიული ამოცანა აქვს.
ფაქტია, რომ კონტეინერით გამოგზავნილი სააკაშვილი სამეგობროდ არ მოდიოდა. მე გამოვრიცხავ იმას, რომ კიევმა არ იცოდა, სააკაშვილი სად და რა მიზნით მიემართებოდა.
მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომელიც ვაჟკაცურად და სტაბილურად გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს, ასეთი დამოკიდებულების გამოხატვა თბილისის მიმართ არის ცუდი საქციელი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.