დავით მათიკაშვილი: დაფინანსების გამჭვირვალობა დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, დაფინანსების გამჭვირვალობა მარტო არასამთავრობო სექტორს არ ეხება, ეხება ყველას და ის დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„მე არ მესახება მსოფლიოში განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, ვის მიერ და როგორ ფინანსდება არასამთავრობო სექტორი. ზოგადად, დაფინანსების გამჭვირვალობა მარტო არასამთავრობო სექტორს არ ეხება, ეხება ყველას და ის დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი ჩვენს ქვეყანაში ყველა სხვა მიმართულებით, მათ შორის, პარტიების დაფინანსების კუთხით არსებობს კანონმდებლობა, რომელიც იძლევა სავალდებულო პირობას, რომ დაფინანსების საკითხი იყოს გამჭვირვალე და ეს ვალდებულებები პარტიებს აქვთ, „ენჯეოს“ სექტორი ამ ყველაფერს გამორიდებული იყო და, გამჭვირვალობის კუთხით, საზოგადოებას არ ჰქონდა სათანადო ინფორმაცია, ვინ და როგორ აფინანსებს „ენჯეო“ სექტორს. ეს არის მთავარი. პუნქტობრივი განხილვა, შინაარსში შესვლა და სხვა დანარჩენი საკითხი, ცხადია, პარლამენტში იქნება განხილვების საგანი და ჩვენს აზრს დავაფიქსირებთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.