ნიკოლოზ სამხარაძე – „აღსანიშნავია, რომ ესპანეთის სამეფოს სენატის მრავალპარტიული დელეგაციის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უპირობო მხარდაჭერა მივიღეთ”

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, კომიტეტის წევრებთან ერთად, ესპანეთის სამეფოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და ამ კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარება და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია.

„ესპანეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა იქნეს განხილული. ამიტომ, ესპანეთის დელეგაციის ვიზიტი და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
კოლეგები ესპანეთის პარლამენტიდან სხვადასხვა პარტიებს წარმოადგენენ და აღსანიშნავია, რომ ყველა პარტიის წარმომადგენლისგან ჩვენ უპირობო მხარდაჭერა მივიღეთ. ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენს კოლეგებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი თვალით ნახონ თუ რა ხდება საქართველოში, ერთი მხრივ, როგორ ვითარდება ქვეყანა და, მეორე მხრივ, რა გამოწვევები გვაქვს, მათ შორის, რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით ზილფიმიანი და კომიტეტის წევრები: გრიგოლ ვაშაძე, ირაკლი ჩიქოვანი და მარიამ ლაშხი. ესპანეთის სამეფოს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრება და არსებულ ვითარებას გაეცნობა. სტუმრებმა შეხვედრა უკვე გამართეს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები