ილია დარჩიაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის ოლაფ შოლცთან შეხვედრის დროსაც გამოიკვეთა, რომ გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობა იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. გარდა ორმხრივი შეხვედრებისა, პრემიერს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო პანელურ დისკუსიებში და ვფიქრობ წარმატებული, შედეგზე ორიენტირებული ვიზიტი შედგა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში აღნიშნა,
„ჩვენ გვახსოვს 2022 წელს ძალიან წარმატებული ვიზიტი გერმანიაში, რომელმაც მოიტანა ახალი იმპულსი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. ეს არის ერთი ნაწილი და ერთი განზომილება ამ პროცესის. მეორე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სჭირდება ძლიერი მხარდამჭერები, ძლიერი ხმები ევროკავშირის შიგნით და ვიცით რომ გერმანია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის გაფართოებას, გადაწყვეტილებას ევროკავშირში ახალი წევრების ინტეგრაციის შესახებ. ამ ინტენსიურმა დიალოგმა გერმანიასთან ახალი შესაძლებლობები შექმნა.
კანცლერთან შეხვედრის დროსაც გამოიკვეთა, რომ გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, რაც ამ პროცესში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საუბრის დროს გამოიკვეთა, რომ გერმანია კიდევ უფრო ხმამაღლა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რადგან არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროკავშირის გაფართოება, ახალ წევრებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა აქტიურად გააგრძელონ ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლა. ამ შემთხვევაში ჩვენ წამოვიღეთ შეხვედრიდან გერმანიის გზავნილი, რომ გვექნება მათი ძლიერი ხმა და ეს ახალ ელფერს სძენს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას.
პრემიერმა კანცლერს გაუზიარა ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, რაც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას. საქართველომ 2022 წელს პრაქტიკულად 82 ახალი კანონი მიიღო, რომ შეგვესრულებინა ეს რეკომენდაციები. ესეც საინტერესო იყო კანცლერისთვის, თუ რა გაკეთდა მას მერე, რაც ევროკომისიამ მისცა საქართველოს რეკომენდაციები. პარალელურად, ჩვენ დავსახეთ მომავალი აქტივობები 2 ქვეყანას შორის, რაც ახალ დინამიკას მოიტანს. საქართველოს ეყოლება გერმანიის სახით ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი , რომელიც მიეხმარება ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.