სიტყვა, რომელიც ბომბდამშენზე მძლავრი იარაღია – ფიქრები ზელენსკის კრებულზე -„გზავნილი უკრაინიდან“

ხშირად ვფიქრობ, მაინც რამ აქცია ვოლოდიმირ ზელენსკი პლანეტის ყველაზე თანამედროვე ხმად და თამამ პოლიტიკოსად?
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღიდან ის ისეთ სიტყვებს წარმოთქვამდა, რომლებიც მილიონთა გულებს შეეხო და სხვაგვარად ფიქრი აიძულა.
არ მახსენდება დღევანდელობის არცერთი პოლიტიკოსი, რომელიც ასეთი გულში ჩამწვდომი ლექსიკით ესაუბრებოდეს საკუთარ ხალხს და ქვეყანას, რომელსაც დღეს გლობალური მისიაც დაეკისრა. ამას თუმცა ნელა, მაგრამ მაინც აცნობიერებს მსოფლიო.
მაინც საიდან მოდის ასეთი სიტყვათშეთანხმებები? ამას ბადებს გულწრფელი ფიქრი და სინანული საკუთარ სამშობლოსა და ხალხზე, რომლის ბედისწერაც ასე მჭიდროდ გადაეჯაჭვა მსოფლიოს მომავალს. პლანეტა ამიერიდან ვეღარ იქნება ისეთი, ვიდრე ის 2022 წლის 24 თებერვლამდე იყო. პოლიტიკოსების გამოფხიზლებაში ზელენსკიმ გადამწყვეტი როლი შეასრულა. ისინი, ვინც აქამდე რუსეთის დამანგრეველ ძალას ზერელედ ეკიდებოდნენ, თანდათან ირწმუნეს, რომ ეს ის ჭირია, რომელიც დროით თუ არ შეფასდა და არ აღიკვეთა, მაშინ იმ წესრიგს უნდა შეეგუოს, რომელსაც რუსეთი დაუწესებს. ეს კი მართლაც კატასტროფა იქნება და თუ მსოფლიოს თვითგანადგურება არ განუზრახავს, მაშინ მან უნდა უსმინოს ზელენსკის სიტყვებს, სიმართლის მღაღადებელ მის ხმას და იმოქმედოს! თუკი სასმენელი და სახილველი ძალით არ დაიხშო სამყარომ, მაშინ მან სრულად უნდა გააცნობიეროს ის ტოტალური საფრთხე, რაც ქვეყნებს და ხალხებს დაემუქრებათ.
ზელენსკის საჯარო გამოსვლები და მიმართვები უკრაინელი ხალხისა და მსოფლიო საზოგადოების მიმართ მუდამ განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენდა. ასეთ მცირე ტექსტებში ამდენი აზრი, გრძნობა, სიმართლე და მუხტი ჩადო, ეს მართლაც ზეგარდმო ნიჭია და უნებურად გაფიქრებინებს, რომ „პირველად იყო სიტყვა”… რადგან მთელი წელიწადია ვხედავთ, რომ ზელენსკის სიტყვები სიცოცხლეს უნარჩუნებს უკრაინას და მისთვის მებრძოლ მეომრებს გაუტეხლობას შთააგონებს. და რაც ყველაზე საგრძნობი მონაპოვარია, მან თავისი სიტყვის ძალით დასავლეთის წონიან ქვეყნებს მიძინებული თუ კომფორტს ჩვეული სინდისი გაუღვიძა.
მართლაცდა, რა ძალა აქვს სიტყვას? როგორ შეუძლია მას ადამიანებს ასწავლოს სხვისი წუხილით თანაცხოვრება? ამას გვიმხელს ზელენსკის კრებული: „A Message from Ukraine“ („გზავნილი უკრაინიდან”), რომელიც ბრიტანულმა გამომცემლობა Pinguin Random House-მა 2022 წლის მიწურულს დაბეჭდა და ლონდონური წიგნის მაღაზიებში, ყოველდღე ათასობით მკითხველი იძენს, დღემდე არ ცხრება ინტერესი ამ წიგნის გარშემო.
აღნიშნული გამომცემლობა, რომელიც 1935 წელს დააარსა ალენ ლეინმა, დღემდე 50 ნობელიანტი და 100-მდე პულიცერის პრემიის მფლობელი ავტორი აქვს გამოცემული, დღეს აქვეყნებს ზელენსკის 16 გამოსვლას, რომელსაც შეუძლია სამყარო შეცვალოს. ეს წიგნი მსოფლიოს ესაუბრება უკრაინის და მისი ხალხის მისწრაფებებზე, პრინციპებსა და ღირებულებებზე. იგი  მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას, წინ აღუდგეს ბოროტებას, მხარში დაუდგეს უკრაინას, რომელიც იცავს დამოუკიდებლობას და დემოკრატიული ქვეყნის აშენება გადაუწყვეტია.
მოვა ჟამი და მიწასთან გასწორებული უკრაინული ქალაქები და სოფლები აღდგება, წარსულს ჩაჰბარდება ეს ულმობელი და უფსკერო სიხარბით გამოწვეული ომი და მისთვის თავშეწირულ ადამიანებთან ერთად იტყვიან, რომ მის დასრულებაში, მსოფლიოს გამოფხიზლებასა და ბოროტებასთან დაპირისპირებაში სიტყვამაც გაიმარჯვა. ზელენსკის პირით ეუწყა კაცობრიობას უკრაინის განსაცდელი. სწორედ მისმა მგზნებარე და ტყვიაზე ზუსტად შერჩეულმა სიტყვებმა შეანჯღრია მსოფლიო და როცა ამ სიავეს ერთად დაამარცხებს, ყველა ცხადად ირწმუნებს, რომ სიტყვა ბომბდამშენზე მძლავრი იარაღია!
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები