ირაკლი ქადაგიშვილი: ენმ-დან რომან გოცირიძისნაირი ადამიანების გასვლა პარტიის მძიმე პოლიტიკურ დონეს კიდევ უფრო ქვემოთ სწევს და აღრმავებს კრიზისს

რომან გოცირიძეს, თავისი პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, გარკვეული ცოდნა და ინტელექტუალური რესურსი აქვს, აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანების პარტიიდან გასვლა, პარტიის ისედაც მძიმე პოლიტიკურ დონეს კიდევ უფრო ქვემოთ სწევს და კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, მიესალმება თუ არა რომან გოცირიძის ამ გადაწყვეტილებას, ქადაგიშვილმა აღნიშნა: „არც მივესალმები და არც ვტუქსავ, ეს მისი გადაწყვეტილებაა“.

„გავიგეთ, ზოგადად, უნდათ, ხელისუფლება დაიბრუნონ, მაგრამ ეს ხელისუფლება როგორ დაიბრუნონ, წარმოდგენა არ აქვთ. არც პოლიტიკური ხედვა აქვთ, არც ინტელექტუალური რესურსი და არც ტაქტიკა. გაჭედილი არიან მიხეილ სააკაშვილის პრობლემასა და თავიანთ გლობალურ პრობლემას შორის. სრულ გაურკვევლობაში არიან, რომ იტყვიან, კედლიდან კედელს ეხეთქებიან. მათი დასტაბილურება დღეს უკვე თითქმის წარმოუდგენელია. მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რომან გოცირიძემ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები