ილია დარჩიაშვილი ბორელთან შეხვედრაზე: საუბარი იყო ძალიან პოზიტიური, ეს გვაძლევს სტიმულს, რომ გავაგრძელოთ მუშაობა და საქართველომ წელს კანდიდატის სტატუსი მიიღოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მიუნხენში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჟოზეფ ბორელთან შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური.

მისივე თქმით, აღნიშნული შეხვედრა იძლევა იმედსა და სტიმულს, რომ საქართველომ წელს კანდიდატის სტატუსის მისაღებად მუშაობა გააგრძელოს.

„საუბარი შეეხო იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით. პრემიერმა მას გაუზიარა ის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საქართველომ 2022 წელს გაატარა. საუბარი ასევე შეეხო ანგარიშს, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა კითხვართან დაკავშირებით, სადაც ნათლად ჩანს საქართველოს პროგრესი გატარებული რეფორმების შესაბამისად. ეს ანგარიში ასახავს იმას, რომ გატარებულმა რეფორმებმა კონკრეტული შედეგები მოიტანა.

შეხვედრაზე საუბარი იყო ძალიან პოზიტიური და მინდა ვთქვა, რომ ეს გვაძლევს ძალიან დიდი იმედსა და სტიმულს, რომ გავაგრძელოთ მუშაობა და საქართველომ წელს კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მიუნხენში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები