საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი: ბერლინის რეისზე დაგვიანებულ 85 მგზავრს ბილეთი სასურველი მიმართულებით უკვე გადაცვლილი აქვს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის აეროპორტში ბერლინის რეისზე დაგვიანებით გამოცხადებულ მგზავრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ეხმაურება.
„ქუთაისი-ბერლინის რეისზე 87 მგზავრი გამოცხადდა დაგვიანებით, როდესაც რეგისტრაცია ბერლინის რეისზე დასრულებული იყო და იწყებოდა 98 მგზავრის ჩასხდომის პროცედურა. იცით, რომ დასავლეთში არის ძლიერი თოვა და ყინვა.
ჩვენ გაფრთხილებული გვყავს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რომ გზებზე შეფერხებების გამო დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან. ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ იმას, რომ „ვიზეარი“ დათანხმდა ამ 87 მგზავრისთვის ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლას თანხის დამატების შემთხვევაში. საუბარია, დაახლოებით, 300 ლარზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მგზავრებს, დაიჭირონ თადარიგი და დროულად, ან უფრო ადრე გამოცხადდნენ აეროპორტში რეგისტრაციაზე. ამ ეტაპზე, 85 მგზავრს ბილეთი სასურველი მიმართულებით უკვე აქვს გადაცვლილი“, – აცხადებს ქარქაშაძე.