ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ეროვნული არქივის ყოველწლიურ საგანმანათლებლო პროექტში საჯარო და კერძო სკოლების გუნდების რეგისტრაცია დაიწყო. განცხადებების მიღება 2 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ VIII-XII კლასის მოსწავლეთა გუნდებს. პროექტი „რა? სად? როდის?” ინტელექტუალური თამაშის პრინციპით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
ღონისძიების დასკვნითი ეტაპი 2023 წლის მაისში გაიმართება. გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამდენიმე ნომინაციაში და სხვადასხვა პრიზითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტს 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა. ღონისძიება საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2023-1.