სუბარი დარახველიძის კრიტიკას პასუხობს: “დათოს შეეძლო ჩემთვის დაერეკა”
დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი მისი წინამორბედის, დავით დარახველიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა. “დათოს შეეძლო ჩემთვის დაერეკა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ურთიერთობა გვქონდა და ცოტა გამიკვირდა. რაც შეეხება შეხვედრებს, დღეს ჩემთან ერთად არის ჩემი მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, რომელიც ფოთშიც იყო. ასევე ფოთში იყო ჩემი პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე, მოადგილე შოთა რეხვიაშვილიც იქ იყო და ძალიან ბევრ დევნილს შეხვდნენ. ზოგიერთი დაწყნარდა, ზოგისთვის კი არ იყო საკმარისი.
რაც შეეხება ბინების განაწილებას, მისი მინისტრობის დროს მოხდა ეს და იმედი მაქვს, რომ სწორად განაწილდებოდა და მიკერძოებას არ ექნებოდა ადგილი”, – განაცხადა მინისტრმა სოზარ სუბარმა ქუთაისში ვიზიტისას. ყოფილმა მინისტრმა დავით დარახველიძემ ფოთში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ფეისბუქის, საკუთარ გვერდზე დაწერა. “ვწუხვარ, ფოთში მიმდინარე დევნილთა აქციის გამო, რომელიც უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს. ვუთანაგრძნობ მათ, ხოლო დევნილთა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას მინდა ვუთხრა: ყველა დევნილმა კარგად იცის,რომ 280 ბინაში 2800 ოჯახი ვერ განთავსდება და 2800 ბინა კიდევ 2 თვეში რომ ვერ აშენდება, მაგრამ მათ პროტესტს და აღშფოთებას იწვევს სამართლიანობის პრინციპის დარღვევა, თუნდაც ერთ შემთხვევაში 280-დან, უყურადღებობა და ართანაგრძნობა, ასევე გაურკვევლობა მომავლის პერსპექტივაში.
არსებული უკმაყოფილება და პროტესტი სამინისტროს სპეციალისტების და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დონეზე ვერ მოგვარდება, არ ენდობიან და იმიტომ!!! კეთილი უნდა ინებონ უმაღლესი თანამდებობის პირებმა, თუ მინისტრმა ვერ მოიცალა, მოადგილემ მაინც, ინდივიდუალურად აუხსნან და განუმარტონ ყველა საკითხი და მისცენ კუთვნილებისამებრ გარანტიები! ჩემი მინისტრობის დროს რომ ჰქონოდა ასეთ პროტესტს ადგილი, მე მას პირადად გადავწყვეტდი”, – წერს დარახველიძე.