,,სახელმწიფო ენის სწავლა თითოეული მოქალაქის ვალია“- ლენა თათევოსიანი ახალციხიდან

17 წლის ლენა თათევოსიანი ეროვნებით სომეხი საქართველოს მოქალაქეა. ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, სახელმწიფო ენის სრულყოფილად დაუფლებაც საკუთარ ქალაქში გადაწყვიტა, რისთვისაც ჯერ კიდევ 2020 წელს ჟვანიას სკოლის ახალციხის სასწავლო ცენტრში ჩაირიცხა. 3 წელია ლენა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა კურსზე ქართულ ენას ეუფლება. ჩვენთან საუბრისას იხსენებს, თუ რამ გადააწყვეტინა, ჟვანიას სკოლის მსმენელი გამხდარიყო.

,,ყოველთვის მინდოდა ქართულ ენაზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მესაუბრა. ჟვანიას სკოლაში თავდაპირველად მეგობრის რჩევით მივედი საწყისი ენობრივი კომპეტენციის განსაზღვისთვის გავიარე ტესტირება და გასაუბრება, რის შემდეგაც დავიწყე სწავლა. შემდეგ ბედი დარგობრივი მიმართულებების ჯგუფებშიც ვცადე. დავასრულე სამართლის კურსი, ახლა კი მენეჯმენტს ვეუფლები. უკვე ვფიქრობ, შემდეგი რომელი კურსი იქნება? ჯერ არ ვიცი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჟვანიას სკოლის გარეშე ჩემი მომავალი ნაბიჯები არ წარმომიდგენია.“- ამბობს ლენა.

მას მიეცა შესაძლებლობა, დასაქმებულიყო ერთ-ერთ კომპანიაში. როგორც თავად ამბობს, ქართულის სწავლამ ყოველდღიურობა გაუმარტივა და იმავეს მოუწოდებს სხვებსაც.

,,ჟვანიას სკოლაში მიღებულ ცოდნას ვიყენებ ყველგან. უნივერსიტეტში, როგორც სტუდენტი; ცხოვრებაში, როგორც საქართველოს ღირსეული მოქალაქე, ასევე წიგნების კითხვასა და, რაც მთავარია, ადამიანებთან ურთიერთობაში. თითოეული ჩვენგანის ვალია სახელმწიფო ენის სწავლა, რასაც საქართველოს ყველა მოქალაქეს ვურჩევ…”-აღნიშნავს ლენა.

ჟვანიას სკოლა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას დაარსების დღიდან ახორციელებს, რაც მიზნად ისახავს მათ ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში. R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები