„საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე“ – საიუბილეო გამოფენა ეროვნულ არქივში
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე“ გაიხსნა.
გამოფენა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს ეძღვნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სულხან სალაძის კერძო კოლექციაში დაცული XVI-XVIII საუკუნეებში შექმნილი საქართველოსთან დაკავშირებული მასალა – 26 უნიკალური რუკა და გრავიურა ორიგინალი ბეჭდური სახით. მათ შორისაა საქართველოს, კავკასიის, ევროპის, აზიის, შავი ზღვის, იმპერიების, ბიბლიური და ისტორიული თემატიკის რუკები; აგრეთვე
ეროვნულ არქივში დაცული, საქართველოსა და ნიდერლანდების ურთიერთობების ამსახველი, საარქივო მასალის ორიგინალები.
გამოფენის პარალელურად, 17 თებერვალს, 19:00 საათზე, სულხან სალაძის საჯარო ლექცია გაიმართება. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
ექსპოზიცია „საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე“ ერთ თვეს გაგრძელდება.
გამოფენა მომზადდა ,,ღია სივრცე კავკასიის“ (COS) მიერ, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული არქივი.