„მოლოდინი არ მაქვს იმისა, რომ პურის ფასი გაიზარდოს; მგონია, რომ ფასი შენარჩუნდება“ – „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე

„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, მოსახლეობას პური სტაბილურად მიეწოდება და ფასებიც შედარებით სტაბილურია. ამის შესახებ დოლიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„თუ პურს სხვა კვების პროდუქტებს შევადარებთ, პურზე ხელმისაწვდომობა და ფასები შედარებით სტაბილურია. წარმოებაში ბევრი გასაკეთებელია, ბევრი რამ დასანერგია. არის კადრების დენადობა, ქალაქში საცობების გამო დისტრიბუცია რთულია. მთელი რიგი პრობლემებია.
პურის ფასთან დაკავშირებით ყოველთვის შეკითხვებია: მარტო საბაჟოზე დაფიქსირებული ფასით ნუ ვიანგარიშებთ, როცა ადამიანს ფქვილი საბაჟოზე გადმოაქვს, ამას მისი მოგება, სატრანსპორტო ხარჯები ემატება. ის ხომ ქველმოქმედი არაა, ფქვილი წამოიღოს და წარმოებაში მოგვართვას. მასაც თავის ეკონომიკური ინტერესები აქვს. ეს ფასი ის არა, რაც საბაჟოზე ფიქსირდება, თუ არის 52  ან 53 ლარი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 53 ლარად ის ფქვილს წარმოებაში მოგვართმევს. გარდა ამისა, სულ სხვაა ფასი, რომლითაც წარმოება პროდუქციას მაღაზიას აწვდის და სულ სხვაა მაღაზიაში გაყიდულის ფასი. ყველა მაღაზიას თავისი მოგების მარჟა აქვს. წინათ ასეთი წესი არსებობდა: პროდუქციას მხოლოდ 5 % ემატებოდა. დღეს ასე არაა. ვიცი, არის შემთხვევები, როცა პურის ფასს 30-40-50 თეთრი ემატება. მინდა, იცოდეთ წარმოებიდან საშუალო გასაცემი ფასები 500 – გრამიან პურზე არის 85-90 თეთრი, 1 ლარი, 1 ლარი და 10 თეთრი , 1 ლარი და 20 თეთრი. ფასები, რასაც მაღაზიაში იხილავთ, ეს მაღაზიის ფასნამატით დადებული ფასებია.
შესაფუთი მასალა ძალიან გაძვირდა, კორონავირუსის შემდეგ ყველა პური შეფუთული გამოდის. სტანდარტი ყველა პურის შეფუთვას არ ითვალისწინებდა. მეწარმეებისთვის ესეც გარკვეული დანახარჯია.
პური მოსახლეობას სტაბილურად მიეწოდება. ფასებიც შედარებით სტაბილურია. დღეს ფქვილის ფასებმა შედარებით დაიწია, მაგრამ მარტის თვეს შევხედოთ, შევხედოთ იმას, თუ როგორი იქნება მომავალი, პროგნოზები საკმაოდ ცვალებადია. ცვალებადი სიტუაციებია. რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაა, იცით, უკრაინაში დიდი ფართობებზე ხორბალი არ ითესება, რუსეთს კი ჰქონდა რეკორდული მოსავალი, მაგრამ იცით, რომ არის კვოტირება, მცურავი ბაჟი. რა იქნება მომავალში, ამას ზუსტად ვერავინ პროგნოზირებს“, – განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე თვეს პურის ფასთან დაკავშირებით სტაბილური მდგომარეობა იქნება.

„მინდა, გითხრათ, რომ დღეს, ხვალ, რამდენიმე თვეს სტაბილური მდგომარეობა იქნება. შემდეგ, ალბათ, ისევ შევხვდებით და დამატებით მოგახსენებთ. მოლოდინი არ მაქვს იმისა, რომ პურის ფასი გაიზარდოს. მგონია, რომ ფასი შენარჩუნდება იმიტომ, რომ თუ შარშანდელს შევადარებთ, წელს მომარაგების, ხორბლის მოსავლის მხრივ ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. ნორმალური მდგომარეობა იცით, როდისაა? როდესაც ადგილზეც მზადდება და შემოდის კიდეც. მაშინ საბაზრო ეკონომიკის პრინციპი მუშაობს: შეჯიბრებითობა, ხარისხი, არჩევანის საშუალება“, – განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, ამჟამად, 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 60 ლარამდეა.

„სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით დღეს ქვეყანაში გარკვეული მარაგები არსებობს, შემიძლია, ვთქვა, რომ 3-4 თვის მარაგიცაა, ესაა 65 000 ტონა ფქვილი, ხორბალთან დაკავშირებულ საკითხებზე ბატონი ლევან სილაგავა უფრო ზუსტად გვეტყვის. სამწუხარო ისაა, რომ ჩვენი წისქვილების უმეტესობა არ მუშაობს, შედარებით დაბალი ფასის ფქვილი კვლავ რუსეთიდან შემოდის. იცით, მეწარმეების დამოკიდებულება: ყოველთვის ყველა იმ ნედლეულს ეძებს, რომელიც შედარებით დაბალფასიანია. თუმცა, არსებობს მოთხოვნები, კონკურენცია და რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს, მისი პროდუქცია საუკეთესო იყოს. თუ შევადარებთ შარშანდელ ფასებს: შარშან 1 ტომარა ფქვილზე საშუალო ფასი დაახლოებით 70, 5 ლარი ფიქსირდებოდა. დღეს მქონდა ინფორმაცია: ქართული წისქვილებიდან გამოსული ფქვილის ღირებულება დაახლოებით 60 ლარამდეა, ანუ მთელი 10 ლარია განსხვავება”, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები