ნინო სურგულაძის მასტერკლასი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში
16 თებერვალს, 12:00 საათზე, კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში მასტერკლასს გამართავს მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ნინო სურგულაძემ დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი პროფესორ გულიკო კარიაულთან, 2001 წელს გახდა ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და სამი სპეციალური პრიზის მფლობელი. ასევე, 2001-2003 წლებში დაამთავრა ლა სკალასთან არსებული დახელოვნების აკადემია, თეატრში, სადაც 100-ზე მეტ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ორჯერ გახსნა სეზონი.
ნინო სურგულაძის დებიუტი 23 წლის ასაკში ლა სკალაში, ვერდის ოპერა „ობერტოში”, კუნიძას პარტიაში შედგა.
ლა სკალაში ხშირად თანამშრომლობდა ისეთ დიდ მაესტროებთან, როგორებიც არიან: რიკარდო მუტი, ნიკოლა ლუიზოტი, პიერ ლუიჯი პიცი და სხვა.
თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ისეთ ხელოვანებთან, როგორებიც არიან: პლაჩიდო დომინგო, მარსელო ალვარესი, ნადინ სიერა, დიმიტრი ხვოროსტოვსკი, ლეო ნუჩი, გუსტავო დუდამელი, რობერტო აბადო, მარია ხოსე სირი, ზუბინ მეტა და სხვა.
ნინო სურგულაძემ მონაწილეობა მიიღო ფილმ ოპერაში „რიგოლეტო”, რომელიც მსოფლიოს 190 ქვეყანაში გადაიცა დომინგოს მონაწილეობით, ასევე, ნეტფლიქსის სერიალში „ალიენისტი”.
ასევე, მონაწილეობა მიიღო სამ მხატვრულ ფილმში – „მეტიჩარა”, „ვალსი პეჩორაზე” და „მარტივი პასეანსი”.
გამოცემულია მრავალი დისკი, რომლებიც იყიდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
2014 წლიდან ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხეს”, რომელმაც მეგობრებთან ერთად არაერთი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ფონდის საქველმოქმედო კონცერტებზე საქართველოს არაერთი საპატიო სტუმარი სტუმრობდა, მათ შორის: სოფია ლორენი, კარლო პონტი, კარმენ ჯანატაზიო, ეციო ბოსსო, დანიელა დესსი, ბარბარა ფრიტტოლი და სხვა.
საქართველოში ნინო სურგულაძე დაჯილდოვდა საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენით. ასევე იტალიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გახდა იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი, მალევე იტალიაში გადაეცა იტალიური გამომცემლობა „ჯიბი ოპერას” „ოსკარი”.