ალუდა ღუდუშაური: ზახაროვას ვურჩევდი, პასუხი გასცეს, როდის აპირებს მისი ქვეყანა საქართველოსთან მიმართებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას

მარია ზახაროვას განცხადება ამორალურია, დამახინჯებულია, ფაქტების უგულებელყოფაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი საქართველოსგან ორი ქვეყნის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ სავალდებულო შეთანხმებას ითხოვს.

ღუდუშაურის თქმით, რუსეთი ოკუპანტი სახელმწიფოა და საქართველოსთან მიმართებაში ვალდებულებები აქვს შესასრულებელი.

„მათ შევახსენებ, რომ რუსეთს შეთანხმებით აღებული ვალდებულებები აქვს დარღვეული და უნდა შეასრულოს. მას დაეწია ჰააგისა და სტრასბურგის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულია და მეტ მხარდაჭერას აფიქსირებს საქართველოს სუვერენიტეტთან მიმართებით. შესაბამისად, ზახაროვას ვურჩევდი, როგორმე ის რეალობა გაიხსენოს, რაც არის და გასცეს პასუხი, მისი ქვეყანა საქართველოსთან მიმართებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას როდის აპირებს. მარია ზახაროვას განცხადება ამორალურია, დამახინჯებულია, ფაქტების უგულებელყოფაა. მისი ქვეყანა არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტი სახელმწიფო და ვალდებულებები აქვს შესასრულებელი. მისმა ქვეყანამ და ზახაროვას ხელმძღვანელებმა თუ რაიმე უნდა დაიწყონ, ეს ვალდებულებების დროული შესრულებაა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები