მსოფლიოს უდიდესი პიანისტი თბილისს პირველად ესტუმრება
3 მარტს, 21:00 საათზე, დედის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოში ცნობილი პიანისტი და მუსიკოსი რიჩარდ კლაიდერმანი, პროფესიონალი ორკესტრის თანხლებით, თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სცენაზე,ქვეყნის მუსიკის მოყვარულებს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მისი, როგორც მსოფლიო ხელოვანის, შემოქმედება ძალიან მდიდარი და ნაყოფიერია, რაც არაერთხელ შეფასდა მუსიკის დარგის მრავალი დიდებული წარმომადგენლის მიერ. მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას ეს შემოქმედი ძირითადად ისეთი ნამუშევრებით ახსოვს, როგორებიცაა: ვერცხლის ნაძვი, ცეცხლის მთვარე, ოქროს გული, წერილი დედაჩემს, მოგონებები და შობა, ახლა კი შესაძლებლობა ეძლევათ, მისი შესრულება ახლოდან იხილონ.
კლაიდერმანმა ჩაწერა 1200-ზე მეტი მელოდია, გაყიდული 80 მილიონზე მეტი ჩანაწერით, ის 270 ოქროსა და 70 პლატინის ფირფიტის მფლობელია. მან შექმნა ახალი რომანტიკული სტილი კლასიკური და პოპმუსიკის შერწყმით, მასვე ეკუთვნის ფორტეპიანოს შესრულების ახალი სტანდარტი, რომელიც შეიძლება შესრულდეს როგორც ფორტეპიანოს მოყვარულთა, ასევე დამწყებთა მიერ. ბევრი ახალგაზრდა,ფორტეპიანოსა და კლასიკური მუსიკისადმი ინტერესს, სწორედ მის მუსიკას უნდა უმადლოდეს. კლაიდერმანის მუსიკამ შექმნა ხიდი, რითაც პოპმუსიკა კლასიკურ მუსიკას დაუკავშირა, მან კლასიკური მუსიკის არსი და გაგება, განსაკუთრებით კი მისი შექმნა, მსოფლიოს ფართო საზოგადოებას გაუმარტივა. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში ის დასახელებულია, როგორც „მსოფლიოში ყველაზე წარმატებული პიანისტი”.