ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა გადამწყვეტმა ქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილის შექმნას – წარმატებას მივაღწიეთ ინფლაციის 9,4%-ზე სტაბილიზაციის კუთხითაც

“ჩვენმა გადამწყვეტმა ქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილის შექმნას. წარმატებას მივაღწიეთ ინფლაციის 9,4%-ზე სტაბილიზაციის კუთხითაც”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამიზნე ორიენტირად ინფლაციის 5%-მდე შემცირება იგეგმება.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2022 წელსაც, რომლის მოცულობაც წინა წლებთან შედარებით გაორმაგდა და პრინციპში, 101,7%-ით იმატა. ჩვენმა გადამწყვეტმა ქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილის შექმნას. წარმატებას მივაღწიეთ ინფლაციის 9,4%-ზე სტაბილიზაციის კუთხითაც, ხოლო სამიზნე ორიენტირად ინფლაციის 5%-მდე შემცირებას ვაპირებთ 2023 წელს. მრავალი ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური პროექტი მიმდინარეობს და იგეგმება ჩვენი ეკონომიკის შემდგომი სტიმულირება და ჩვენი ხალხისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა. ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ ნამდვილ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად და აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიოს წამყვან ფირმებთან. საქართველო ემსახურება ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას და არის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. ჩემი ქვეყანა უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ურთიერთობებში. საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს კონკურენტულ გარემოს ბიზნესის გაფართოებისთვის უფრო დიდ რეგიონში, რაც შეამცირებს მათ საოპერაციო ხარჯებს საქართველოს გავლით კომპანიებს შეეძლებათ ისარგებლონ ევროპის 2,3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე წვდომით, საბაჟო მოსაკრებლის და იმპორტის გადასახადის გარეშე. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ჩინეთთან, დსთ-თან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობისა და ასოციაციის ქვეყნებთან, უკრაინასა და თურქეთთან. გარდა ამისა, ჩვენ ვსარგებლობთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით მონიჭებული უპირატესობებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები