ვიქტორ ყიფიანი – „კრედიტ სუისთან“ დავაზე: როდესაც საკითხი გადის სასამართლო სხდომათა დარბაზს მიღმა, სხვა შრეში, აბსოლუტურად გაგებით ვეკიდებით ცალკეულ შეფასებებს, რომ ამ დავამ სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაინაცვლა
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების თქმით, როდესაც დაცვის მხარემ „კრედიტ სუისთან“ დავაში ფინანსური ინსტიტუტის მენეჯმენტის ბრალეულობაზე პირდაპირ ისაუბრა, ევროპის სხვადასხვა წამყვანმა მედიასაშუალებებმა სტატიებიდან სიტყვა „მენეჯმენტის“ ამოღება გადაწყვიტეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.
„ჩვენი სურვილი იყო ისტორია გაგვეტანა ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ გავიტანოთ. და მხოლოდ ჩვენს სურვილზე არ არის – ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ გამოძიებაზე დაფუძნებული ფაქტები. ასე რომ, ბუნებრივია, ვერ შევეგუეთ იმას, რომ ეს ფაქტები ყოფილიყო გადასხვაფერებული, შეცვლილი ან სხვაგვარად გადარედაქტირებული. აქედან გამომდინარე, გამოვთქვით ჩვენი პროტესტი და აბსოლუტურად სამართლიანად გამოიხატა ეს პროტესტი იმაში, რომ ასე გატანას სჯობდა საერთოდ თავი შეგვეკავებინა გატანისგან.
ამ საქმეს რეალურად გარდა უშუალო დაზარალებულისა – ეს არის ბატონი ივანიშვილი, ჰყავს მეორე დაზარალებული – შვეიცარიის საბანკო სისტემა და ზოგადად ევროპული საბანკო კულტურა, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ ფლაგმანურ ბანკზე და, შესაბამისად, მისი მოქმედება თავისი ტოქსიკურობით, ჯაჭვური რეაქციით აისახება შვეიცარიის სახელმწიფოს იმიჯზე და მის საბანკო სისტემაზე.
როდესაც საკითხი გადის სასამართლო სხდომათა დარბაზს მიღმა და სხვაგვარ მაქინაციებს აქვს ადგილი, სხვა შრეში, აბსოლუტურად გაგებით ვეკიდებით ცალკეულ შეფასებებს, რომ ამ დავამ სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაინაცვლა“, – ამბობს ყიფიანი.