კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის ლაურეატთა კონცერტი გაიმართა

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულმა ცენტრმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2022 წელს ჩატარებული კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის ლაურეატთა კიდევ ერთ კონცერტს უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე დაესწრო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა (ქორმაისტერი არჩილ უშვერიძე); თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი (ქორმაისტერი ლიანა ჭონიშვილი).
თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებითა და დავით მუქერიას დირიჟორობით, კონცერტზე შესრულდა კონკურსის გამარჯვებულთა ნაწარმოებები:
1. სანდრო ნებიერიძის „ძველი დროებისა და ხალხისა“ – მინიატიურების ციკლი მამაკაცთა გუნდისა და ოთხი სოლისტისთვის (ზურაბ ნატროშვილი, დავით მაჭავარიანი, მიხეილ ედიშერაშვილი, ბექა კემულარია);
2. გიორგი შავერზაშვილის „გალობანი გიორგისნი“ (ქალთა გუნდი);
3. ნიკოლოზ ჩაჩანიძის „ნატვრა“;
4. ოვანეს ამბარცუმიანის „სისხლი“ სოპრანოს, ვიბრაფონის, ვიოლინოს, ალტისა და ჩელოსათვის (ელია მიხაელი, ლევან ჭოხონელიძე, გიორგი ხაინდრავა, თეიმურაზ ხარაძე, მინდია ჟღენტი);
5. კახა ცაბაძის კონცერტინო ფლეიტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის (სოლისტი ირაკლი ევსტაფიშვილი);
6. ნინო ჯანჯღავას „სიმღერა“ სიმფონიური ორკესტრისთვის;
7. გიორგი შავერზაშვილის კონცერტი ორი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის (ალექსანდრე ვასაძე, გიორგი შავერზაშვილი).
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრთან ერთად 2022 წლის აპრილში დააფუძნა „კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე უცხოეთში მცხოვრებ ქართველ კომპოზიტორებს. კონკურსი განკუთვნილია ორი ასაკობრივი კატეგორიის – 17-იდან 25 წლის ჩათვლით და 25 წელზე უფროს პირთათვის. კონკურსის მიზანია ეროვნული საკომპოზიციო ხელოვნების განვითარება და კომპოზიტორთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა.
სამინისტრომ 2022 წელს კონკურსი 65 000 ლარით დააფინანსა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 61-მა მუსიკოსმა. სხვადასხვა საკონკურსო ნომინაციაში 19 პრემია მიიღო 15-მა კომპოზიტორმა.
ინფორმაციისთვის: ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კონკურსის ლაურეატთა კონცერტების სერია 4 თებერვალს დაიწყო. მომდევნო კონცერტი 18 მარტს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები