პაპუაშვილი: სააკაშვილი თუ ევროკავშირი – ცრუ დილემაა, როგორ შეიძლება, სისხლის სამართლის დამნაშავის საკითხი დაკავშირებული იყოს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან

არის ერთი-ორი საკითხი, რომლითაც ცდილობენ, დააკავონ ჩვენი და ჩვენი მოსახლეობის ყურადღება, მედია ამ საკითხებით ინტერესდება და გარკვეულწილად ვართ მონაწილეები ამ გარკვეული ცრუ ნარატივების, რომელიც შექმნილი არის მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მისი შეფასებით, სააკაშვილის საკითხი არ შეიძლება, დაკავშირებული იყოს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან, რადგან, ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე.

,,ეს არის ტიპური პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. ეს არის ცრუ დილემა, რომლის მიზანიც არის მიხეილ სააკაშვილის დახსნა ციხიდან. მიხეილ სააკაშვილი, თუ ევროკავშირი და ა.შ. – აი, ეს არის სწორედ ტიპური ცრუ დილემა, რომ თითქოს მსგავსი არჩევანი დგას. როგორ შეიძლება, დაკავშირებული იყოს სისხლის სამართლის დამნაშავის საკითხი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან. ეს არის ცრუ დილემა. ჩვენ ვხედავთ, მათი სპიკერები როგორც ცდილობენ გარკვეულწილად, ცრუ დილემის წინაშე დააყენონ ხელისუფლება, მათ შორის, პრეზიდენტი, რომ თითქოს არსებობს ეს არჩევანი. აი, აირჩევ ახლა შენ, თუნდაც შეწყალების გზას და მაშინ მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. თუ, ამ ცრუ დილემისგან, ცოტა განზე გავალთ და გვერდიდან შევხედავთ, მივხვდებით, რომ ბავშვურად არის დაყენებული ეს ყველაფერი. მნიშვნელობა აქვს რას ვამბობთ და რაზეა საუბარი. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატიის თვალსაჩინო წარმომადგენელი, როცა ვიცით, რომ მან ხელი დააფარა სანდრო გირგვლიანის მკვლელებს, როდესაც ვიცით, რომ მან დააორგანიზა დეპუტატის ცემა, როცა სამი მიმდინარე საქმეა სასამართლოში მის წინააღმდეგ. მან სასამართლო სხდომაზე აღიარა, რომ ის ბიუჯეტიდან აფინანსებდა საკუთარი შვილის სწავლას კერძო სკოლაში. ეს არის მიუტევებელი ცოდვა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, რომ საკუთარი ოჯახის წევრის სწავლა დააფინანსო ბიუჯეტიდან. თან აღიარებს ამას და ამბობს, რომ ნიჭიერი ბავშვი იყო და რატომ არ უნდა დამეფინანსებინაო. და ჩვენ გვაიძულებენ, რომ ყველაფერს შევხედოთ მშვიდად და ვთქვათ, რომ აქ დემოკრატიაა და ასეთ საკითხებზე გადაიტანონ მსჯელობა. ჩვენ ვართ სამიზნე პროპაგანდისტული კამპანიის და აქ მთავარია, რომ ვიყოთ ფხიზლად და ეს ცრუ დილემები არ დავიჯეროთ,” – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები