საგარეო უწყება: თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ადგილზე მყოფი, საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ადგილზე მყოფი, საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს.

“2023 წლის 6 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს საელჩო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.
სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელის, მათი მდგომარეობისა და საჭიროებების დადგენის მიზნით, დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან.
აღსანიშნავია, რომ სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზებისა და აეროპორტების დაზიანების გამო, შეფერხებულია გადაადგილება. აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარდა ამისა, ვითარებას ართულებს რთული მეტეოროლოგიური პირობები და განმეორებითი ბიძგები. შესაბამისად, მდგომარეობა სწრაფად იცვლება. იცვლება დაზარალებულთა და გარდაცვლილთა რიცხვიც.
საელჩოს ქალაქის ნომრებზე, მოქმედ ცხელს ხაზებზე, ასევე ელჩისა და საელჩოს თანამშრომლების სოციალურ ქსელებზე, ორი დღის განმავლობაში შესულია საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების ათასზე მეტი სატელეფონო ზარი და მიმართვა. ამასთან, საელჩოს მიმართა ასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ. მათ შორის, განსაკუთრებით რთული იყო 20-მდე მოქალაქის შემთხვევა. აქედან, 14 მოქალაქის ადგილსამყოფელი, ამ ეტაპზე, დადგენილია. შედგა მათთან კომუნიკაცია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო 6 მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება. ამ ეტაპზე დასტურდება საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალება. საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები