ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სააკაშვილისა და მერაბიშვილის სასამართლო პროცესი 1 ოქტომბერს გაიმართება
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ექსპრეზიდენტისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის სასამართლო პროცესი 2014 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება, – თარიღი სასამართლოს სხდომაზე შეთანხმდა, რომელსაც ბრალდებული ვანო მერაბიშვილი არ ესწრებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. პროკურორების განმარტებით, საქმეში არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოწმის ჩვენებების საფუძველზე. როგორც ბრალდების მხარემ განმარტა, მიმდინარეობს გამოძიება და ამ ვადაში ჩატარდება ფართო საგამოძიებო მოქმედებები.
დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა და ასევე უსაფუძვლოა ის მტკიცებულებებიც, რომელიც საქმეში არსებობს. ადვოკატ ოთო კახიძის განცხადებით, საქმე მთლიანად აგებულია პოლიტიკურად ანგაჟირებული მოწმეების ჩვენებებზე.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს ახალი ბრალდება ყოფილ პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე წარედგინათ. სააკაშვილთან ერთად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა მიეცნენ.