პაოლო იაშვილის შემოქმედების დასაცავად – პოეტის დაბადების 130-ე წლისთავზე

„ელენე დარიანის დღიურები. ტექსტი და ავტორი – პაოლო იაშვილი“ – მწერალთა სახლში კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული ახალი კრებულის წარდგენა გაიმართა.
„ელენე დარიანის დღიურების“ ავტორის იდენტიფიკაციის საკითხი ლიტერატურული კვლევებისთვის, გარკვეულწილად, ახალ გამოწვევად იქცა.
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე არაერთი ისტორიული, ფაქტობრივი, ტექსტოლოგიური არგუმენტი გამოქვეყნდა იმის დასადასტურებლად, რომ „ელენე დარიანის დღიურების“ ავტორი პაოლო იაშვილია.
პოეტის ავტორობაში დაეჭვება განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო მაშინ, როცა მავანთ მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მოწმეთა უმრავლესობა ცოცხალი აღარ ეგულებოდათ. ამ პროცესში ჩართულმა პირებმა საწინააღმდეგო აზრის მქონე ლიტერატურათმცოდნეთა და მკვლევართა მტკიცებულებებისა და არგუმენტების მიღებასა თუ აღიარებაზე უარი თქვეს და არ გაიზიარეს ის, რაც კომპეტენტურმა მეცნიერებმა არაერთხელ განაცხადეს.
პაოლო იაშვილის შემოქმედების ამ ფორმით ეჭვქვეშ დაყენების კიდევ ერთი ცდა იყო 2021 წლის ბოლოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის მიერ კრებულის – „ელენე ბაქრაძე-დარიანი“ – გამოცემა. ამ კრებულში არა მხოლოდ პაოლო იაშვილის, არამედ სხვა ავტორთა (მათ შორის – ანა კალანდაძის, გრიგოლ რობაქიძის) შემოქმედებითი მემკვიდრეობის ნიმუშებიც აღმოჩნდა მითვისებული და მათი ავტორობაც ელენე ბაქრაძეს მიაწერეს. ამის გამჟღავნებისთანავე წიგნის დამფინანსებელმა – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეაჩერა წიგნის გავრცელება და დაგმო საავტორო უფლებათა დარღვევის უხეში ფაქტი.
ცოტა ხნის შემდეგ ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა, კერძო შემოწირულობების წყალობით, ხელახლა გამოსცა კრებული და განაცხადა, რომ ეს იყო სამინისტროსათვის წინააღმდეგობის გაწევის აქტი.
კრებული კვლავაც საავტორო უფლებების უგულებელყოფით გამოიცა: გარეკანს ისევ აწერია „ელენე ბაქრაძე-დარიანი“, წიგნში კი შეტანილია პაოლო იაშვილის ლექსები პოეტური ციკლიდან „ელენე დარიანის დღიურები“.
ამ ყოველივეს ფონზე 2022 წელს სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, დამუშავებულიყო და ერთ აკადემიურ კრებულად გამოცემულიყო კომპეტენტურ მკვლევართა, ლიტერატურათმცოდნეთა, ტექსტოლოგთა, მეთოდოლოგთა, ისტორიკოსთა ის ნაშრომები, რომლებიც 1997-2022 წლებში ამ თემაზე შექმნილა და ეფუძნება პროფესიული ანალიზის პრინციპებს, თანამედროვე კვლევით მეთოდებსა და შეხედულებებს.
შედეგად, 2022 წელს, პაოლო იაშვილის საიუბილეო თარიღთან – დაბადების 130-ე წლისთავთან დაკავშირებით, სამინისტროს ხელშეწყობით და ფონდის – „ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის“ – მონაწილეობით, გამოიცა წიგნი „ელენე დარიანის დღიურები. ტექსტი და ავტორი – პაოლო იაშვილი“. წიგნი დაიბეჭდა სტამბა „სეზანში“.
კრებულში თავი მოიყარა იმ ძველმა თუ ახალშექმნილმა არგუმენტირებულმა მასალამ, რომელიც სწორედ ლიტერატურულ-ტექსტობრივ ანალიზს ეფუძნება.
ამ კრებულის გამოცემით, დარგის სპეციალისტთა პროფესიონალური და კომპეტენტური ანალიზისა და დასკვნების საფუძველზე, კიდევ ერთხელ განხორციელდება XX საუკუნის ქართული მწერლობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, ქართული სიმბოლისტური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პოეტის, ლიტერატურის კრიტიკოსის, პროზაიკოსის, მთარგმნელის, „ქართველი ევროპეისტის“ – პაოლო იაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობის იდენტიფიკაცია და დადასტურდება, რომ პოლემიკა, რომელიც ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელობის მხრიდან პოლიტიკურ დისკურსში გადაიზარდა, უსაგნოა და მას მხოლოდ პლაგიატი უდევს საფუძვლად. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქმე ეხება კომუნისტური დიქტატურის შედეგად გარდაცვლილი პოეტის ავტორიტეტსა და მისი შემოქმედების დაცვას.
ინფორმაციისთვის: პაოლო იაშვილის დაბადების 130-ე წლისთავი კულტურის სამინისტრომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტით აღნიშნა: სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საჩხერის მუნიციპალიტეტისა და პოეტის ოჯახის ძალისხმევით პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმი გაიხსნა.
სამინისტროს ინიციატივით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ რესტავრირებულ შენობაში მუზეუმის სრულფასოვნად ფუნქციონირების მიზნით სამინისტროს სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენელთა მიერ დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა შექმნა სამუზეუმო კონცეფცია, კერძოდ, სახლ-მუზეუმის ხუთი ოთახი დაიყო თემატურ სივრცეებად: პოეტის ბავშვობა და ოჯახი, ქუთაისის პერიოდი, მულტიმედიური სივრცე, ცისფერყანწელების დარბაზი და პაოლოს ოთახი. შეგროვდა და დამუშავდა საარქივო და ფოტომასალა, მოგროვდა შესაბამისი ეპოქის ავეჯი და რელიკვიური ნივთები. რესტავრირდა ოჯახის ავეჯი, დამონტაჟდა საინფორმაციო სტენდები და ვიდეორგოლები.
მნიშვნელოვანია, რომ ექსპოზიციის შექმნისას მაქსიმალურად შენარჩუნდა მამაპაპისეული სახლის ავთენტიკური სახე“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები