ოთარ შამუგია ჩინეთის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

„აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, კიდევ უფრო გააღრმაოს სავაჭრო ურთიერთობა ჩინეთთან. სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ათვისებაზე და ამ პროცესში ვგრძნობთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერას, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით.
ჩინეთის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისათვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს ღვინის ექსპორტის მაჩვენებლები შემცირდა, რესურსი დიდია და იმედი გვაქვს, ამ პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას შევძლებთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა შეხვედრაზე ქართული ღვინის ხარისხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული. საერთაშორისო გამოფენებში ქართული კომპანიების მონაწილეობის კუთხით, დიდია სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, პირადად ჩაერთოს და მიმდინარე წელს გუანჯოუსა და შანხაიში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენების გახსნაში მიიღოს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები