გიორგი ვოლსკი: როდესაც ადამიანი თვითდაზიანებას მიჰყვება და უკვე რეალურად გამოიკვეთა ეს სურათი, არ შეიძლება, სახელმწიფო ამაზე პასუხს აგებდეს
“როდესაც ადამიანი თვითდაზიანებას მიჰყვება და უკვე რეალურად გამოიკვეთა ეს სურათი, არ შეიძლება, სახელმწიფო ამაზე პასუხს აგებდეს. არის სასამართლო, რომელსაც ვერავინ მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე გააკეთოს დასკვნები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
ვოლსკი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ „საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი, მოკლას სააკაშვილი“.
„საერთოდ, ზელენსკის განცხადება, ისევე – როგორც განცხადებები, რომლებიც ევროპარლამენტარებისგან მოვისმინეთ, იმას მიუთითებს, რომ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა უკრაინის მაღალჩინოსნების მონაწილეობით პრინციპში მცდელობა არ დააკლეს, რომ საქართველო აეყვანათ მძევლად.
პრაქტიკულად, ფიგურალურად რომ ვთქვათ, საქართველო დღეს მძევლის როლში უნდათ გამოიყვანონ და ამ მძევალს გაათავისუფლებენ იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლდება სააკაშვილი. ეს არის პირობა დაყენებული. მძევლად აყვანილი საქართველო, ეს არის მიზანი, რომელსაც უნდათ, რომ მიაღწიონ. რეალობა გვაქვს სხვა. როდესაც ადამიანი თვითდაზიანებას მიჰყვება და უკვე რეალურად გამოიკვეთა ეს სურათი, არ შეიძლება, სახელმწიფო ამაზე პასუხს აგებდეს. არის სასამართლო, რომელსაც ვერავინ მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე გააკეთოს დასკვნები. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.