NDI: გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს

მოსაზრებები გაყოფილია, იმასთან დაკავშირებით, დაშორდა თუ დაუახლოვდა საქართველო ევროკავშირს, – ამის შესახებ NDI-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს გამოაქვეყნა.

შეკითხვაზე, – ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან რომელს ეთანხმებით? – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს – 30%; საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან არ შეცვლილა – 29%; საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს – 25%; არ ვიცი -15%.

მაშინ როდესაც იმავე შეკითხვაზე გამოკითხულთა განწყობები ამგვარად განაწილდა აგვისტოში: ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს – 28%; საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან არ შეცვლილა – 27%; საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს – 30%; არ ვიცი – 15%.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.

შეკითხვაზე,- აქ მოყვანილი მოსაზრებებიდან რომელია თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს – 30%; საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს – 38%; საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს – 18%; არ ვიცი – 13%.

კვლევა ქვეყნის მასშტაბით 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა შედგება 2 519 ინტერვიუსგან. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები