NDI: საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად ფასების ზრდა აწუხებთ და ყოველი მე-5 მოქალაქე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან.
კვლევის თანახმად, მსგავსი ტენდენციაა ნატოსთან მიმართებითაც – მოსახლეობის უმრავლესობა – 73% საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობას კვლავ უჭერს მხარს.
ამასთან, ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები აწუხებს. ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ ყოველი მეორე მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა უმრავლესობას (51%) ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს მთავრობას ეკონომიკური პრობლემების მოგვარება შეუძლია. გარდა ამისა, ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის მანძილზე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს. წასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში: მათგან თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს.
კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასების 10 პროცენტიანი ზრდის მიუხედავად (41%-დან 51%-მდე), მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა. მოქალაქეების 61% ამბობს, რომ საქართველოში არსებული არცერთი პარტია მათ ინტერესებს არ წარმოადგენს, რაც 2022 წლის ზაფხულის მერე ხუთ პროცენტიანი ზრდაა. “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მესამედი და ოპოზიციის მხარდამჭერთა ნახევარი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება.
აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.