მიხეილ სარჯველაძე – “ნაცმოძრაობაზე”: კონფრონტაცია უმწვავესია
მმართველი გუნდის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” მწვავე დაპირისპირებაა, რაც უკვე ყველასთვის ნათელი გახდა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობაში” ოდიოზური ადამიანები არიან.
„გარკვეულ ეტაპზე ეს კონფლიქტი ისე მიმდინარეობდა, რომ საზოგადოებისთვის ხილული არ იყო, შემდეგ გამოჩნდა, როცა დუღილის ტემპერატურამ ყველა დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა. კონფრონტაცია უმწვავესია. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არ ყოფილა იმის უარყოფა, რომ პარტია დაიშალა. როცა ერთმანეთს ფარული ჩანაწერებით ებრძვიან, პარტიაში ყველა რომ დარჩეს და თქვან, მუშაობას ერთად აგრძელებენ, რასაკვირველია, ეს ფარსი იქნება, რადგან იქ არიან ერთმანეთთან შეუთავსებელი ადამიანები და ერთმანეთთან მუშაობა არ შეუძლიათ. პარტიიდან რიგი ადამიანების წასვლა, ახალი დაჯგუფების შექმნა დროის ამბავია. პარტიაში შესაძლოა, ცალკეული ადამიანები ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს, რომ კონტრშეტევა განახორციელონ. შეუძლებელია, ეს დაპირისპირება არ ყოფილიყო, რადგან აქ არავითარი ღირებულებითი ერთიანობა არ არის და არც არასოდეს ყოფილა. თავის დროზე, როცა შეიქმნა, კონკრეტული მიზანი ჰქონდა და შემდეგ ეს გაგრძელდა დიქტატორული დამოკიდებულებით, პარტიის ფუნქციონირება გაგრძელდა საბჭოთა მეთოდებით. პარტიაში არიან ოდიოზური ადამიანები, ისეთი რეპუტაციის მქონეები, რაც სინამდვილეში ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისთვის ბალასტი და ტვირთია. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის ბუნებრივი ძვრები, რამაც „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენები მოიყოლა“, – განაცხადა სარჯველაძემ.