ჯონ ჯუბერტი – სერიული მანიაკი, რომლის ტანჯვის გამოც, ელექტროსკამი გაუქმდა

აშშ-ში მრავალი წლის განმავლობაში მანიაკებსა და მკვლელებს ელექტროსკამზე სვამდნენ და სიკვდილით სჯიდნენ, მაგრამ 90-იან წლებში ხელისუფლება სერიოზულად დაფიქრდა ამ მეთოდის ჰუმანურობაზე. აღნიშნულ საკითხზე დისკუსიის წამოჭრის მიზეზი იყო ისტორია, რომელიც ჯონ ჯუბერტს – ცნობილ ამერიკელ სერიულ მკვლელს გადახდა თავს. მანიაკის წამებამ ელექტროსკამის საყოველთაო აკრძალვას და სასიკვდილო ინექციებზე გადასვლას დაუდო საფუძველი.

ჯონ ჯუბერტი დაიბადა 1963 წლის 2 ივლისს ქალაქ ლოურენსში, მასაჩუსეტსის შტატში. როდესაც ბიჭს 6 წელი შეუსრულდა, მისი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ და ჯონი დედასთან დარჩა. დედა უფლებას არ აძლევდა მამას, რომ შვილი ენახა თუმცა, ხანდახან ჯონი ახერხებდა, რომ სახლიდან გამოქცეულიყო და მამის სახლთან საათობით ესეირნა. ჯონი ძალიან ჩაკეტილი და გარიყული იზრდებოდა. მას საერთოდ არ ჰყავდა მეგობრები, ხოლო მისი მთავარი გასართობი იყო კითხვა, მათ შორის, კრიმინალური ჟურნალების. ზუსტად იქიდან ამოიკითხა მანიაკმა, როგორ დაემალა სამხილები და გაქცეოდა პასუხისმგებლობას.

1974 წელს ჯონი დედასთან ერთად პორტლენდში გადავიდა საცხოვრებლად. უნდა აღინიშნოს, რომ ჯუბერტის დედა ძალიან დესპოტური და სასტიკი იყო. ბავშვის ყველა ნაბიჯი მკაცრად კონტროლდებოდა. ერთადერთი ადგილი, სადაც ის თავს ოდნავ თავისუფლად გრძნობდა, ეს იყო სკოლა. არ არის გასაკვირი, რომ ზუსტად იქ განიცადა სხვისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების პირველი მოთხოვნილება. ეს ყველაფერი ძალიან შემთხვევით მოხდა: ერთხელ ჯონმა თანაკლასელ გოგონას ფანქარი ჩაარტყა და მისი ყვირილი ესიამოვნა. მომდევნო დღეს, იმავე მიზნით, მან სხვა გოგოს სამართებელი გაუსვა. მისმა ტკივილმა ჯონს კვლავ სიამოვნება მიანიჭა.

ძალიან მალე ჯუბერტის აგრესია ვრცელდებოდა როგორც გოგონებზე, ისე – ბიჭებზე. მომავალმა მკვლელმა ერთხელ კინაღამ მოზარდი გაგუდა, ხოლო შემდეგ თავს ესხმოდა დანით სხვა ბავშვებს სკოლაში. ცხადია, მისი აგრესიული ქცევა პოლიციის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, მაგრამ მაშინ სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, რომ ბიჭთან საუბარი საკმარისი იქნებოდა.

სამწუხაროდ, სააღმზრდელო საუბარმა სათანადო ეფექტი ვერ მოახდინა – უკვე 1982 წელს ჯონმა თავისი პირველი მკვლელობა ჩაიდინა. ეს 19 წლის ასაკში მოხდა. მისი მსხვერპლი 11 წლის რიჩი სვეტსონი იყო. იმ დღეს ბიჭუნა, როგორც ყოველთვის, საღამოს სარბენად გამოვიდა, მაგრამ სახლში არ დაბრუნებულა. შეშფოთებულმა მშობლებმა პოლიციას მიმართეს, მაგრამ უკვე დილით გზასთან მისი ცხედარი იპოვეს. ექსპერტებმა მიიღეს დასკვნა, რომ მკვლელი თავიდან ბავშვის გახდას ცდილობდა, მაგრამ როცა არაფერი გამოუვიდა, დანა დაარტყა და გაგუდა. ძალიან მალე პოლიცია ჯუბერტის კვალზე გავიდა და ის დააკავეს, მაგრამ ერთადერთი სამხილი, რომელიც მის დანაშაულზე მიუთითებდა – კბილების ანაბეჭდი ბავშვის სხეულზე – არ ემთხვეოდა ჯონის კბილების ანაბეჭდს. ამიტომ, რაღაც დროის მერე ის გაათავისუფლეს.

შემდეგ ჯერზე დამნაშავემ უკვე ორი ბავშვი იმსხვერპლა – ერთ-ერთს ჯონმა თავი მოკვეთა. მკვლელის დაკავება მოხერხდა სხვადასხვა ადამიანის ჩვენებაზე დაყრდნობით, რომლებმაც იმ დროს მკვლელობის ადგილთან ახლოს ნახეს ჯონი, ქაოსურად მოძრავი მანქანით. მისი სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს უცნაურად დაწნული თოკი, რომელიც ემთხვეოდა იმ თოკის დაწნულობას, რომლითაც ერთ-ერთი ბავშვი გაგუდეს.

სასამართლოზე ჯონმა თავისი დანაშაული დაადასტურა, რის გამოც მას სიკვდილი მიუსაჯეს ელექტროსკამზე. სასჯელი აღასრულეს 1996 წელს. პროცესის დროს რაღაც საშინელება მოხდა – მკვლელის თავზე  10-სანტიმეტრიანი ბუშტი წამოიზარდა. პატარა ზომის ბუშტებით იყო დაფარული თავის სხვა ნაწილებიც. ეს იმდენად საშინელი სანახაობა იყო, რომ სიკვდილით დასჯის მეთოდის ხელახლა განხილვა დაიწყეს. უნდა აღინიშნოს, რომ ახლა აშშ-ის ბევრ ციხეში სასიკვდილო ინექციები გამოიყენება, მაგრამ 8 შტატში დღემდე ნებადართულია ელექტროსკამის გამოყენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები