იაგო ხვიჩია: “ნაცმოძრაობაში“ არჩევნები გაყალბდა

“ნაცმოძრაობაში“ არჩევნები გაყალბდა. თავმჯდომარე ყველას შეეძლო – აერჩია, როგორც ეს სანდრო რაქვიაშვილმა და ვახო მეგრელიშვილმა შეძლეს, თუ ასეა, ხომ შეიძლება, ის „ქოცების“ არჩეული იყოს?!”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, მას მოლოდინი აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ გულწრფელი მხარდამჭერები მიხვდებიან, რომ მათი თავმჯდომარე სათანადო წესით არჩეული არ არის.

„მგონი, ყველასთვის ცხადია, რომ “ნაცმოძრაობაში” არჩევნები გაყალბდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ „ნაციონალური მოძრაობა“. არჩევნები რომ გაყალბდა, ამის თქმის საშუალებას მაძლევს, მაგალითად, სანდრო რაქვიაშვილის ფეისბუქ გვერდზე დადებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აძლევს სხვა პარტიის წევრი, პარლამენტის დეპუტატი ხმას ერთ-ერთ კანდიდატს, თუ ეს შესაძლებელია, რომ სხვა პარტიის წევრებმა ხმა მისცენ, ხომ წარმოგიდგენიათ, „ქართული ოცნება“ რამდენ ხმას მისცემდა მისთვის სასურველ კანდიდატს. შესაბამისად, როცა იცი, რომ არჩევნები ასეა ჩატარებული, უნდა იფიქრო, რომ შემთხვევით თავმჯდომარე სხვა პარტიამ ხომ არ აირჩია. ველოდები, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გულწრფელი მხარდამჭერები მიხვდებიან, რომ მათი თავმჯდომარე არ არის არჩეული სათანადო წესით, რადგან ყველას შეეძლო აერჩია, როგორც ეს სანდრო რაქვიაშვილმა და ვახო მეგრელიშვილმა შეძლეს”, – განაცხადა ხვიჩიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. ​არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს დაიწყო და დღეს დილით, 10:00 საათზე დასრულდა. საარჩევნო პროცესი ფარულად მიმდინარეობდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები