პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 16 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხოელ სამართალდამცავებთან ერთად ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 3 ფიზიკური და 13 იურიდიული პირის მიმართ. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთა მიზანს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღება წარმოადგენდა.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები ჩაიდინეს, რომლებიც მოიცავდა ასეულობით მილიონი აშშ დოლარის მრავალეპიზოდიან თაღლითობას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, კიბერდანაშაულს და ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას. ბრალდებულებმა, მოპოვებული ასობით მილიონი აშშ დოლარისთვის კანონიერი სახის მიცემის და მისი უკანონო წარმომავლობის შენიღბვის მიზნით, მათ დაქვემდებარებაში არსებული იურიდიული პირების გამოყენებით, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში ანგარიშები გახსნეს, ფიქტიური დანიშნულებებით მრავალჯერადი საბანკო ტრანზაქციები განახორციელეს და დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხები ძვირადღირებულ უძრავ ქონებებში დააბანდეს. ასევე,დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მათ მიერ კონტროლირებადი უცხოური საბანკო ანგარიშებიდან, საქართველოში გახსნილ ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების აკუმულირება მოახდინეს და კომპანიების საბანკო ანგარიშებს შორის მრავალჯერადი ბუნდოვანი და ფიქტიური ტრანზაქციები განახორციელეს. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხით ამავე პერიოდში დაახლოებით 11 000 000 ლარად, შეიძინა ქობულეთში მდებარე ჯამში 21 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასე არსებული შენობა-ნაგებობები.

აღნიშნული ქმედებებით, ბრალდებულებმა 111 000 000 აშშ დოლარის და 2 500 000 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულების და მათი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე არსებული დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარი და 1 760 000 ევრო, ასევე დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი 21 ათასი კვ.მ. საინვესტიციო მიწის ნაკვეთები და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. პროკურატურის მიერ უცხოელ პარტნიორებთან კოორდინაციაში, გატარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები როგორც ფულადი თანხების, ისე უძრავი ქონების ჩამორთმევის მიზნით. ფიზიკურ პირებს ბრალდება წარედგინათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება 13 იურიდიულ პირს, ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.
პროკურატურა აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ინტენსიურ გამოძიებას დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები