“არც დასავლური მედიის და არც ქართული ოპომედიის მხრიდან, გარდა ცალკეული ვარაუდებისა, საქართველოს გამოყენებით სანქცირებული პროდუქციის რუსეთში შეტანაზე დღემდე არანაირი არგუმენტი არ დადებულა”- ცუცქირიძე

“არც დასავლური მედიის და არც ქართული ოპომედიის მხრიდან, გარდა ცალკეული ვარაუდებისა,
დღემდე არანაირი არგუმენტი არ დადებულა საქართველოს გამოყენებით სანქცირებული პროდუქციის რუსეთში შეტანაზე, “- ამის შესახებ ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს.

ცუცქირიძე Facebook – ში ე.წ შავი ხვრელების თემას ეხმაურება.

“ბოლო პერიოდში კვლავ აქტუალური გახდა ე.წ შავი ხვრელების თემა, რაც საქართველოს მიმართებითაც გაჟღერდა დასავლურ მედიაში და ვფიქრობ, იმის ჩვენებას ემსახურება თუ როგორ და რა გზებით ცდილობს რუსეთი საერთაშორისო სანქციადადებული და შესაბამისად, აკრძალული პროდუქციის შეტანას ცალკეული მისადმი შედარებით ლოიალური ქვეყნების გამოყენებით. რა დასამალია, მსგავსი რეპორტაჟები შანტაჟის ელემენტსაც ატარებს. აქ დასავლური მედიის ერთ-ერთი წამყვანი ფლაგმანის,  სნნ-ის რეპორტაჟსაც ვგულისხმობ საქართველოზე.

ამ თემაზე პოსტი გუშინაც დავდე, მაგრამ რადგან პოლემიკა მიმდინარეობს არასანქცირებული პროდუქციის რუსეთისათვის მიწოდებაზე, აქვე უნდა განიმარტოს, რომ სანქცირებული პროდუქცია ეხება ყველა იმ პროდუქციას, რომელიც რუსეთმა სამხედრო კომპონენტად შეიძლება გამოიყენოს.

ბუნებრივია, სანქცირებული პროდუქციის ჩამონათვალში არ შედის სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები, მაგრამ არანაკლები კითხვები აქაც ჩნდება. კერძოდ, სამედიცინო პროდუქცია, გარდა წმინდა ჰუმანიტარული მიზნებისა,  ხმარდება რუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქეების სამედიცინო მხარდასაჭერას წმინდა ეთიკური ვალდებულებებიდან გამომდინარე,  თუ ჯარისკაცებისთვისაც არის განკუთვნილი?!

საქმეც იმაშია, რომ ახლა იმის გარკვევა ეს სამედიცინო კომპლექსი რა ჯგუფებისათვის არის განკუთვნილი და რამდენად ატარებს ამ წმინდა ეთიკურ კომპონენტს , მეტად საეჭვოა.

თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ დაჭრილი რუსი ჯარისკაცების მკურნალობა ამ მედიკამენტების ნაწილით ხდება, გამოდის, რომ მათი რეაბილიტაცია და უკან ფრონტის ხაზზე გაგზავნას ემსახურება, შესაბამისად, უკრაინული ქალაქების დაბომბვას და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასაც!

ამასთან, ყოველკვირეული Die Zeit-ის პორტალზე აღნიშნულია, რომ გერმანული ექსპორტის ყოველთვიური მიწოდების ყველაზე დიდი წილი, რაც დაახლოებით 1 მილიარდი ევროს შეადგენს, ფარმაცევტულ პროდუქტებზე მოდის.

ამავდროულად ირკვევა, რომ გერმანული მხარე შეგნებულად თანხმდება, რომ მიწოდებული მედიკამენტების ნაწილი შეიძლება,  გამოყენებულ იქნას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დროს დაჭრილი რუსი ჯარისკაცების სამკურნალოდ! აქ როგორც იტყვიან კომენტარიც ზედმეტია და რომელ ვარაუდებზეა ხოლმე საუბარი თითქოსდა აკრძალული პრეოდუქცია რუსეთში საქართველოდან შედის და რასაც, სამწუხაროდ, ქართული რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი მედია ასე ტირაჟირებს?!

ანუ რეალურად რა გამოდის – ევროპა ცდილობს ორმაგი სტანდარტით ვაჭრობას -“ომი მძვინვარებს, ბიზნესი კი თავისი გზით მიდის?”- სწორედ ამ სათაურით, ყოველკვირეული Die Zeit-ის ონლაინპორტალზე გამოქვეყნებული სტატია ცდილობს,  უპასუხოს კითხვას, რატომ არის ექსპორტი ასე მზარდი გერმანიიდან რუსეთში, მიუხედავად ევროკავშირის სანქციებისა და რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებისა, რაც ყოველთვიურად დაახლოებით 1 მილიარდ ევროს შეადგენს .

არანაკლებ სკანდალურია გაზეთ Die Welt-ის სათაური: „ზღაპარი გერმანული ფირმების რუსეთიდან წასვლის შესახებ“.

ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში,  Bild-მა გამოაქვეყნა რუსეთში წარმოდგენილი გერმანული კომპანიების შერჩევითი სია, რომლებიც “მიუხედავად რუსეთის სისხლიანი დარტყმებისა უკრაინის წინააღმდეგ,  აგრძელებენ თავიანთი საქონლისა და მომსახურების გაყიდვას” და “გადასახადების გადახდის გზით“ აქტიურად ზრდიან შემოსავლებს რუსეთის სამხედრო ხაზინაში.

საქართველოში გამავალი ე.წ შავი ხვრელების თემაც, ვფიქრობ დასავლეთის მხრიდან ორმაგი სტანდარტების თემასაც ეხმაურება და ამ ევროპული სკანდალების გადაფარვას უფრო უნდა ემსახურებოდეს, რადგან განსხვავებით ევროპული ბრენდების სტატისტიკური მონაცემებისა, არანაირი არგუმენტი დღემდე არ დადებულა საქართველოს გამოყენებით სანქცირებული პროდუქციის რუსეთში შეტანაზე, არც დასავლური მედიის და არც ქართული ოპომედიის მხრიდან გარდა ცალკეული ვარაუდებისა!”- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები