დავით მათიკაშვილი – დეგნანის განცხადებაზე: ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ვის მიერაც არ უნდა მოხდეს ეს, დანაშაულია – ამაზე ორმაგი და სამმაგი შეფასებები ცხადია არ უნდა არსებობდეს
მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას აფასებს.
“ის ქმედება, რომელიც მიჩნეულია დანაშაულად სხვა ქვეყანაში და იგივე ჩვენს სტრატეგიულ მეგობართან შეერთებულ შტატებში, იგივე ქმედება ჩვენს ქვეყანაშიც მიჩნეულია დანაშაულად. ამიტომ, შეფასებები უნდა იყოს ერთგვარი და ადეკვატური, როგორც შეერთებულ შტატებთან მიმართებით, თუკი მსგავს ფაქტს ექნება ადგილი, ისევე საქართველოსთან მიმართებით. ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ვის მიერაც არ უნდა მოხდეს ეს, რა თქმა უნდა, დანაშაულია და ამაზე ორმაგი და სამმაგი შეფასებები და სტანდარტები ცხადია არ უნდა არსებობდეს”, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ცნობისთვის, კელი დეგნანი ჟურნალისტის კითხვას, ამერიკის რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი საზღვრის დარღვევით რომ შესულიყო შეერთებული შტატების ტერიტორიაზე როგორი იქნებოდა მათი პოზიცია და არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ქმედება საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი, ელჩი პასუხობს რომ შეკითხვა ჰიპოთეტურია. დეგნანის განცხადებით, აშშ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.